პოლიტიკური კრიზისი

სამნიძე: მოლაპარაკებების წინ პირობებით საჯარო განცხადებები სწორი არ არის

http://eurus.ge/

რესპუბლიკური პარტია ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას არ უერთდება. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, მოლაპარაკებების წინ "პირობებით საჯარო განცხადებები სწორი არ არის".  

"მთავარი საკითხი არის ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა და ამას მხარს უჭერს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მედიატორი დანიელსონი უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები ხვალ, უკვე აქ იქნება და განახლდება მოლაპარაკებები. ასეთ სიტუაციაში წინაპირობებით საჯარო განცხადების გაკეთებას არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტია და ამიტომ, ამ განცხადებას არ უერთდება. 

მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ ამ პროცესში წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, მოლაპარაკებების წინ". - ამბობს ის. სამნიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.   

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. განაცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა.  განცხადების თანახმად, მმართველი პარტია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას სთავაზობენ. ოპოზიციის პოზიციით, თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელის დანიშვნის ტესტად არ გამოდგება.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია – დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პარტია პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები