პოლიტიკური კრიზისი

ოპოზიცია პოლიტპატიმრებზე: აღიარებას არ ვითხოვთ, მიზანი ნებისმიერი ფორმით გათავისუფლებაა

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ოპოზიციის თვითმიზანი არასდროს ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის აღიარება, ოპოზიციის მიზანი ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ნებისმიერი ფორმით გათავისუფლებაა.

"პოლიტიზებული მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები – პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა, ოპოზიციური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და მათი დაკავება, შერჩევითი მართლმსაჯულება შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციასთან. ოპოზიციას აქაც მოქნილი პოზიცია აქვს. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარება, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს – ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა". – ნათქვამია პარტიების საერთო განცხადებაში. 

  • ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია – დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პარტია პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. მისი განთავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია.

კომენტარები