მეწყერი

ბენდელიანი მეწყერზე: მოსახლეობა ცდილობს პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა მოსახლეობამ მათთან შეხვედრა არ ისურვა.

აღნიშნული ქუჩის N41-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლებთან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართეს, დღეს კი მათ მერის მოადგილისა და დარგის სპეციალისტებისგან დამატებითი ინფორმაცია უნდა მიეღოთ.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიისა და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ისურვა.

"ბოლო დღეების განმავლობაში, მოსახლეობისგან კითხვები არსებობდა. აინტერესებდათ მეტი ინფორმაცია, თუმცა ჩემდა გასაკვირად, მათ შეხვედრის სურვილი არ გამოთქვეს. იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი მიგვეწოდებინა მათ უსაფრთხოებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დამრჩა განცდა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური, არა მარტო ამ კორპუსის მოსახლეობასთან, არამედ ნებისმიერ პირთან, ვისაც კი რაიმე სახის კითხვა ექნება, მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად, სათანამშრომლოდ და აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ". - განაცხადა მერის მოადგილემ.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს, ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

"უმჯობესი იქნებოდა, ეს ინფორმაცია მოსახლეობისგან მოგვესმინა, თუმცა წინა დღეების განმავლობაში, ყოველთვის ამას ვამბობდით და ახლაც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხოა. დღევანდელი მონაცემებით, აქაც და მიმდებარე ტერიტორიაზეც, ცხოვრება არის უსაფრთხო, თუმცა ყველა შესაძლო სცენარისთვის მერია და შესაბამისი სამსახურები მზად არიან. ყველანაირი ზემოქმედება, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორები, უხვი რაოდენობით ნალექის მოსვლა, გარკვეულწილად, თავის კვალს დატოვებს მეწყრულ პროცესებზე.

ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის შეკითხვა, თუ არსებობს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. რა თქმა უნდა, არსებობს, იმიტომ, რომ, როდესაც კრიზისული სიტუაციის დაგეგმვა ხდება, ყოველთვის ვემზადებით გაცილებით უარესი სცენარისთვის. ეს გეგმაც და შემდგომი ღონისძიებებიც, დეტალურად გვაქვს გაწერილი. იმედი მაქვს, ამ გეგმის გამოყენება არ დაგვჭირდება, თუმცა, თუ დაგვჭირდა, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან". - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. გარდა ამისა, მომზადდა რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი.

ბროწეულის ქუჩაზე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.


გუშინ, 25 მარტს, ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები