მეწყერი

რამ გამოიწვია მეწყერი მაჭავარიანზე? – სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა

Forum.ge/ნიკა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17 მარტის დასკვნის თანახმად, რომელიც 25 მარტს გასაჯაროვდა, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური ფაქტორები - მეწყრული პროცესის მიმდებარედ განხორციელებული საინჟინრო სამუშაოები.

"გამოკვლეულ უბანზე მეყწრული პროცესების წარმოქმნა-განვითარება უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულად ფერდობზე მისი ამგები ქანების წონასწორობის დარღვევას, რაც, შესაძლებელია, განპირობებული იყოს, როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური ფაქტორებით: ფერდობის დახრილობით (კლდოვანი ქანების შრის წოლის ელემენტები - დაქანების აზიმუტი და დახრის კუთხე (052/180) თანხვედრაშია ფერდობის ექსპოზიციასა და მისი ზედაპირის დახრილობასთან), ფერდობზე დინამიკური დატვირთვების გაზრდით, ასევე, სხვადასხვა პერიოდში აღნიშნული მეწყრული პროცესის მიმდებარედ განხორციელებული საინჟინრო საქმიანობითა და სხვა ფაქტორებით". - წერს დასკვნის ავტორი მირზა მესხი.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მეწყერის საშუალო სიგანე 100 მეტრია, ხოლო მეწყრული სხეულის სიგრძე მაჭავარიანის ქუჩამდე 200 მეტრს შეადგენს.

"მეწყრის საშუალო სიგანე 100 მეტრია, მეწყრული სხეულის სიგრძე მთავარი საფეხურის წარბადან მაჭავარიანის ქუჩამდე (საავტომობილო გზამდე) 200 მეტრს შეადგენს, ვიზუალური დაკვირვებით.

აღნიშნული ნაპრალები ზედაპირულ ნაწილში ღიაა და მათი ღიობის სიგანე 0.5მ-დან 1.5მ-მდე იცვლება. დიდი ალბათობით, მეწყრული სხეულის შემდგომი გადაადგილება საავტომობილი გზის მიმართულებით, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებს და საფეხურებს". - წერია დასკვნაში.

დასკვნის თანახმად, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები შეიძლება გულისხმობდეს დინამიკაში მყოფი მეწყრული მასის დაშლას და გატანას, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობას, გრუნტების მელიორაციას (ცემენტაცია) და ხიმინჯების მოწყობას ქანების სუსტად გამოფიტულ ზონაში ჩაანკერებით.

"დაიგეგმოს და განხორციელდეს მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის დამცავი საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებასა და მოწყობას შესაბამისი კვლევებისა და გაანგარიშების საფუძველზე. მეწყრული პროცესის სტაბილიზებისაკენ მიმართულ ღონისძიებად, შესაძლებელია, განხილული იყოს დინამიკაში მყოფი მეწყრული მასის დაშლა და გატანა, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა, გრუნტების მელიორაცია (ცემენტაცია), ხიმინჯების მოწყობა ქანების სუსტად გამოფიტულ ზონაში ჩაანკერებით და სხვა". - წერია დასკვნაში.

დასკვნა სრულად:


გუშინ, 25 მარტს, ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთვნენ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

 

კომენტარები