პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: ოცნებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე არ დავსხდებით, ესაა ამ მაგიდის აყირავება

მამუკა ხაზარაძე

"ქართულ ოცნებასთან არავითარ შემთხვევაში არ დავჯდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე, ეს არის ამ მაგიდის აყირავება". – ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

ხაზარაძის განმარტებით, ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების გამართვა მედიატორების უგულებელყოფა და უპატივცემულობაა.

"რომელ ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე უნდა დაჯდეს, როცა პრეზიდენტი მიშელის ფორმატით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რას ნიშნავს, რომ ცალკე გავიდეთ და ცალკე თვალები ვუპაჭუნოთ ქართულ ოცნებას? ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს არის დიდი შეცდომა, ეს არის იმ მედიატორის უგულებელყოფა და უპატივცემულობა, რომელმაც შენი გულისთვის ამხელა ენერგია ჩადო, თავისი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო და მას ახლა ვუთხრათ, რომ შენი შუამავლობით ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ და ცალკე დაველაპარაკოთ ბატონ კობახიძეს და მდინარაძეს, ეს ხომ გამორიცხულია!". – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ მას ფასილიტატორების იმედი ნაკლებად აქვს და ქართულ ოცნებასთან საუბარის დაწყებას აპირებენ.

"ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს, ქართულ ოცნებას შევუთანხმდი, რომ დავუკავშირდები, რათა მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა". – თქვა მეგრელიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

გუშინ, 18 მარტს, ქართულ ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა –  მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.

მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

მანამდე, 2 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, სადაც შარლ მიშელმა მხარეებს 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა.

სრულად, თუ რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში წაიკითხეთ აქ.

კომენტარები