ვაქცინაცია

ექთნის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

27 წლის ექთანს 18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, განუვითარდა "დაუყოვნებლივი რეაქცია", რაც ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათესი მოვლენაა. ექთანი ახალციხიდან თბილისში 18 მარტს გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს "დაუყოვნებლივი რეაქცია" ჰგავდა ანაფილაქსიურ შოკს, რაც ძალიან იშვიათად ვლინდება ვაქცინის გაკეთების შემდეგ.  


ახალციხეში მომხდართან დაკავშირებით გაიმართა იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. როგორც სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ასტრაზენეკა არის უსაფრთხო ვაქცინა და "სარგებელი აჭარბებს რისკებს". მისივე თქმით, ექთნის მკურნალობის ტაქტიკას კონსილიუმი გადაწყვეტს. 

კომენტარები