ვაქცინაცია

რატიანი 27 წლის ექთანზე: ნებისმიერ დროს შეიძლება, კვლავ გაუჩერდეს გული

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გული კვლავ გაუჩერდეს. 

"ამ წუთში, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა, სავარაუდოდ, გამოწვეულია, როგორც ანამნეზისგან ირკვევა, ანაფილაქსიური შოკის არსებობით. 

ამ ეტაპზე, გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ გაგვაჩნია. ჩვენდა სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შესაძლებელია დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით". - ამბობს ლევან რატიანი.


27 წლის ექთანი ახალციხიდან თბილისში გუშინ, 18 მარტს გადმოიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ექთანი 12:15 წუთზე აიცრა და 30 წუთში "განუვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია". 

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც პროტოკოლით არის გაწერილი და არ მოიხსნა რეაქცია, ის გადაიყვანეს რეანიმაციაში". - თქვა გამყრელიძემ. 

ახალციხეში მომხდართან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ასტრაზენეკა არის უსაფრთხო ვაქცინა და "სარგებელი აჭარბებს რისკებს". მისივე თქმით, ექთნის მკურნალობის ტაქტიკას კონსილიუმი გადაწყვეტს. 

კომენტარები