პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

ფსიქიკური აშლილობა, სტიგმები და წამლების როლი – ინტერვიუ ნინო ოკრიბელაშვილთან

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

ფსიქიკური აშლილობა, სტიგმები და წამლების როლი – ინტერვიუ ნინო ოკრიბელაშვილთან

რეალურია თუ გამოგონილი ფსიქიკური აშლილობები? დეპრესია სისუსტეა თუ მძიმე ფსიქიკური დაავადება? რა ფაქტორები განსაზღვრავს ადამიანში მისი განვითარების რისკს? რას ნიშნავს სიგიჟე და არის თუ არა იგი კავშირში დეპრესიასა და შფოთვასთან? "აზომბირებს" თუ არა ფსიქოტროპული მედიკამენტები? როგორია მათი გვერდითი ეფექტები და რამდენად საშიშია ისინი? ვის შეუძლია და ვის არა მედიკამენტებით მკურნალობა? ამ თემებზე ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და კვალიფიციურ ფსიქიატრს, ნინო ოკრიბელაშვილს ვესაუბრეთ.

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10.7%-ს ერთი ან მეტი ფსიქიკური გამოწვევის წინაშე დგას. მათგან ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობაა, რომელსაც დეპრესია მოჰყვება, ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • შფოთვითი აშლილობები – მოსახლეობის 3.76%

  • დეპრესია – 3.44%

  • ალკოჰოლიზმი – 1.4%

  • ნარკოტიკებზე დამოკიდებულება – 0.94%

  • ბიპოლარული აშლილობა – 0.6%

სავარაუდოა, რომ რეალური მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია. ფსიქიკური აშლილობები ჯერ კიდევ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებზეც ადამიანები, სტიგმების შიშითა თუ დაბალი ცნობიერების გამო, არ საუბრობენ. 

ისედაც მძიმე სიტუაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა. კორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფსიქოსოციალური კრიზისიც დაგვატეხა თავს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-ზე მეტი ეპიდემიასთან დაკავშირებული დეპრესიით ან შფოთვითი აშლილობით იტანჯება, რომელთა უმეტესობა დაბალი ეკონომიკური ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდაა.  

ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არაერთი სტერეოტიპი არსებობს, რასაც, ხშირად, პოპკულტურაც კვებავს. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ყველა ფსიქიკური აშლილობა "სიგიჟეს" ნიშნავს და რომ "სიგიჟე" სამარცხვინო განაჩენია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არიდებენ თავს ადამიანები პროფესიონალთან მისვლას, იქნება ეს ფსიქოთერაპევტი თუ ფსიქიატრი. ცალკე საკითხია მედიკამენტები, რომელთა მიმართ ჩვენს საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებაა. ისევ და ისევ არასწორი წარმოდგენების გამო, წამლებით მკურნალობა, ხშირად, "დაზომბირებასთან" ასოცირდება.

ფსიქიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ სტიგმებზე, მათთან გამკლავების გზებსა და მედიკამენტურ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და კვალიფიციურ ექიმ-ფსიქიატრს, ნინო ოკრიბელაშვილს ვესაუბრეთ, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი, მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი და შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეა. 

 

რა ტიპის დაავადებებს შეგვიძლია ვუწოდოთ ფსიქიკური დარღვევები? გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, დეპრესია, შფოთვა და სხვა ტიპის აშლილობები ე.წ. გამოგონილი დაავადებებია, რომლებიც ადამიანის სისუსტეს ასახავს. რა ფაქტორები განსაზღვრავს ადამიანში მსგავსი პრობლემის განვითარების რისკს?

თანამედროვე მედიცინაში, ფსიქიკური აშლილობების ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ არსებობს. მაგრამ მიჩნეულია, რომ პირი, რომლის ქცევა და სოციალური როლი არ შეესაბამება  საზოგადოებაში მიღებულ სოციალურ ნორმებს, ფსიქიკური პრობლემების მქონეა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპრესიასა და შფოთვით აშლილობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ სისუსტე აქ არაფერ შუაშია. ამ ტიპის დარღვევების საფუძვლებს, ხშირად, ადამიანის გენეტიკაში ვაწყდებით, როდესაც ერთი ტიპის აშლილობა, მაგალითად, დეპრესია, შთამომავლობის 3-4 თაობაში იჩენს თავს. ამის ცნობილ მაგალითს წარმოადგენს ერნესტ ჰემინგუეის ოჯახი, რომელთა გენომში, ზოგიერთმა მკვლევარმა ე.წ. სუიციდის გენის ძიებაც კი დაიწყო. ამას გარდა, ეს დარღვევები ვითარდება მძიმე ცხოვრებისეული მოვლენების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფონზე და ასე შემდეგ. ამიტომ, ადამიანის სისუსტეზე საუბარი აქ ვერ იქნება. დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია, რომ ფსიქიკური აშლილობები ნეიროტრანსმიტერული კავშირების შესუსტებასა და მოქმედების შეფერხებაშიც გამოიხატება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტვინის ნეირონებს შორის კავშირი, ინფორმაციის მიღება და გადაცემა, სუსტდება. პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული აქტიური ნივთიერებებიც, რომელთა სახელები ყველასთვის ცნობილია – სეროტონინი, ნორეპინეფრინი, დოპამინი. ფსიქიკურ აშლილობებში ბიოქიმიური პროცესები ცხოვრებისეულ მოვლენებსა და გენეტიკაზე არანაკლებ როლს თამაშობს.

ამის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამა თუ იმ ფსიქიკური აშლილობის მიმართ მიდრეკილება ახასიათებთ. მაგალითად, ადამიანს შეიძლება, დაბადებიდან ჰქონდეს შფოთვის მაღალი რეგისტრი და სტრესული მოვლენების ფონზე, მათ უფრო მეტად გამოუვლინდეთ შფოთვითი აშლილობები. გენეტიკური მიდრეკილებების მქონე ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად დაემართებათ რამე ან, რომ ისინი სუსტები არიან.

 

ადამიანებს ხშირად ეშინიათ ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრის, რადგან მიაჩნიათ, რომ საზოგადოება მათ "გიჟებად" შერაცხავს. რას ნიშნავს "სიგიჟე" სამედიცინო თვალსაზრისით? რა განსხვავებაა დეპრესიას, შფოთვასა და მაგალითად, შიზოფრენიას შორის? 

ეს ყველაფერი გავრცელებული სტიგმის შედეგია, რომელიც იმ ადამიანების უსაფუძვლო, მორალურ განსჯას გულისხმობს, რომლებიც ფსიქიკური მოცემულობებით ჩვენგან განსხვავდებიან. ამიტომ გასაგებია, რატომ შეიძლება არ უნდოდეს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს ექიმთან მისვლა. ცალკე საკითხია, რა ქმნის ნეგატიურ სტერეოტიპებს. მაგალითად, ძალიან ბევრ ფილმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პერსონაჟი საშიშ კრიმინალად ან დაცინვის ობიექტად არის გამოყვანილი, ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტიგმებს პოპკულტურაც გულუხვად კვებავს. საკუთრივ ტერმინი "გიჟი" ძალიან დიდი ხანია, აღარ გამოიყენება მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში. სწორედ ამ ტერმინის უარყოფით დაიწყო ფსიქიკური აშლილობების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება. მე ჩემს პაციენტებს, და, ამ შემთხვევაში, თქვენს მკითხველს, ყოველთვის ვუმეორებ: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ შორის ყოველი მეოთხე, ცხოვრების განმავლობაში, მინიმუმ ერთი ფსიქიკური პრობლემის წინაშე მაინც აღმოჩნდება.

რაც შეეხება დაავადებათა შორის განსხვავებებს, ფსიქიატრიაში მართლაც ვიყენებთ ე.წ. კატეგორიულ კლასიფიკაციას, ანუ, განსხვავებულ პრობლემებს, წამყვანი სიმპტომების მიხედვით ვყოფთ და ვაჯგუფებთ. ამ თვალსაზრისით, შფოთვა და შიზოფრენია სრულიად განსხვავებულ კატეგორიებს მიეკუთვნება. მკითხველისთვის მარტივად აღსაქმელად, ორ ტერმინს, ნევროზსა და ფსიქოზს გამოვიყენებ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი განაწილება, დღესდღეობით, მოძველებულად ითვლება. ნევროზის ცნება თავს უყრის ისეთი ტიპის დარღვევებს, რომლებიც ნაკლები სიმწვავისაა და  დამახასიათებელი სიმპტომები, მიუხედავად სიჭარბისა, საკმაოდ ახლოსაა აბსოლუტური სიჯანსაღის სტანდარტთან. მაგალითისთვის, როცა საყვარელ ადამიანს ვკოცნით, გული გვიფრიალებს, სუნთქვა გვეკვრის და მუცელში ე.წ. პეპლებს ვგრძნობთ. ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი სიმპტომები ქუჩაში, სახლში, სამსახურში იჩენდეს თავს, თანაც, უმიზეზოდ და იმ დოზით, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებას ვერ ვახერხებდეთ – ეს უკვე დარღვევა იქნება.

რაც შეეხება შიზოფრენიას, იგი კომპლექსური, მწვავე ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც კრიტიკული დამოკიდებულების არარსებობა ახასიათებს. ანუ, ადამიანი ვერ ასხვავებს სუბიექტურ გამოცდილებასა და რეალობას. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ჰალუცინაცია, იგი ვერ გააცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვაა და არა რეალობა.  ცხადია, რომ ეს სიმპტომი ბევრად მძიმეა, ვიდრე შფოთვისთვის დამახასიათებელი სუნთქვის აჩქარება ან გულის ფრიალი.

რომ შევაჯამოთ, ნევროზის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სიმპტომები, რომლებიც ახლოსაა ნორმალურ გამოცდილებასთან, ხოლო ფსიქოზის დროს სახეზეა მძიმე, მწვავე გამოვლინება, რომელიც რეალობის ობიექტურად განცდას აფერხებს.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ფსიქიკური აშლილობა ახლობელ ადამიანს აწუხებს? როგორი ტიპის ქცევა ჩაითვლება ჯანსაღ მხარდაჭერად და როგორი არა? გვაქვს თუ არა ვალდებულება, რომ ვაიძულოთ ადამიანი, მიმართოს სპეციალისტს, თუ იგი ამას არ აკეთებს?

სამწუხაროდ, დაძალება გამოსავალი ვერ იქნება, ამით მისგან მხოლოდ მანიპულაციურ ქცევას მიიღებთ. მაგალითად, შეიძლება პროფესიონალთან კონსულტაციაზე წამოგყვეთ, მაგრამ დასმული დიაგნოზი უარყოს, რეალობა არ მიიღოს და არც შესაბამისი მკურნალობა დაიწყოს. ამიტომ, დაძალებას ყოველთვის საუბარი, პოზიტიური წახალისება სჯობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ჩემი აზრით, ფსიქიკური დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლებაა. მაგალითად, საზოგადოებისთვის ცნობადი, დაფასებული პირები რომ უფრო ღიად საუბრობდნენ მათ პრობლემებზე, ესეც კი დადებით შედეგს გამოიღებდა სტიგმებთან ბრძოლაში. ცალკე პრობლემაა სიმპტომების ამოცნობის უნარი – სანამ ახლობელ ადამიანს პროფესიონალთან მისვლისკენ ვუბიძგებთ, ჯერ დარღვევის სიმპტომები უნდა შევამჩნიოთ, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მარტივი არ არის. ავიღოთ ჰიპოთეტური დედა, რომელიც შვილს ცუდი ნიშნების გამო სცემს და სიზარმაცეს აბრალებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვი პუბერტული ასაკის კრიზისს განიცდიდეს ან დეპრესიით იტანჯებოდეს, მაგრამ მშობლებს ამის არც ცოდნა ჰქონდეთ და არც გამოცდილება. დეპრესიის ან შფოთვის დაფარულ სიმპტომატიკას ხშირად ვაწყდებით ზრდასრულებშიც, რომლებიც პრობლემების მოგვარებას ალკოჰოლით ან მარიხუანათი ცდილობენ. არაინფორმირებული საზოგადოება ასეთ ადამიანებს ლოთებსა და ნარკომანებს ეძახის, როცა ისინი, ზოგჯერ გაუაზრებლადაც კი, ამით ფსიქიკურ პრობლემებს გაურბიან. ამიტომ, ჯანსაღი მხარდაჭერა სიტუაციის არსში გარკვევით იწყება – რატომ ავლენს ამა თუ იმ ქცევას ჩვენი ახლობელი, იქნებ შფოთავს, იქნებ დეპრესიაშია, იქნებ სხვა, უფრო მძიმე პრობლემა აქვს და ა.შ. გარდა ამისა, ხშირად, ადამიანები ფსიქოთერაპევტთან უფრო მარტივად მიდიან, ვიდრე ფსიქიატრთან, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია – თუ ახლობელი ექიმ ფსიქიატრთან იმ მიზეზით არ მოგყვებათ, რომ "გიჟი არ არის", შეგიძლიათ თერაპია შესთავაზოთ. აქვე მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ უკვე დიდი ხანია, საქართველოში, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. საცხოვრებელ ადგილთან უახლოეს სამედიცინო პუნქტში მისვლისას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პირველი ფსიქიატრიული კონსულტაცია უფასოდ მიიღოს. საბოლოოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ დაძალებას, ჩხუბსა და ულტიმატუმების ენას ყოველთვის ჯობს საუბარი, ინფორმაციის მიწოდება, დარწმუნება და პოზიტიური წახალისება – ზრდასრულმა ადამიანმა მკურნალობის გადაწყვეტილება თავისით უნდა მიიღოს.

 

რაც შეეხება მედიკამენტებს, როგორი ტიპის წამლები გამოიყენება შფოთვის, დეპრესიის მკურნალობისას? რა განსხვავებაა მათსა და შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატებს შორის? როგორია მოქმედების მექანიზმები, მარტივად?

დღესდღეობით ნევროზის სამკურნალოდ, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია, მედიკამენტების ორი დიდი კლასი გამოიყენება – ანტიდეპრესანტები(ციტოლესი, რექსეტინი, პროზაკი..)  და ბენზოდიაზეპინები(დიაზეპამი, კლონაზეპამი, ქსანაქსი..). ორივე მათგანი ცალკეულ კატეგორიებად და კლასებად იყოფა, მაგრამ მათ შორის ძირითადადი განსხვავება ისაა, რომ ანტიდეპრესანტები ხასიათის, ენერგიის რეგულირებაში იღებენ მონაწილეობას და ტვინში სეროტონინის, ნორეპინეფრინის ან დოპამინის ოდენობას ზრდიან. ანტიდეპრესანტები ფიზიკურ დამოკიდებულებას არ იწვევს. ბენზოდიაზეპინებს კი, ძირითადად, დამამშვიდებელი, ძილის მომგვრელი ჩვენება ახასიათებთ და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების რისკის გამო, მათი გამოყენება მხოლოდ მცირე დროითაა მიზანშეწონილი. ბენზოდიაზეპინები, ყველაზე აქტიურად, შფოთვით აშლილობებში გამოიყენება.

რაც შეეხება ფსიქოზს, მაგალითად, შიზოფრენიის დროს, ხშირად ინიშნება პრეპარატები, რომელთა გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის დროსაც არის შესაძლებელი და მათ ე.წ. ნეიროლეპტიკებს უწოდებენ, თუმცა ცივილიზებული მსოფლიო, ისევ დესტიგმატიზაციის მიზნით, მათ დიდ ტრანკვილიზატორებად მოიხსენიებს.

ამ საკითხებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მეცნიერება წინ მიდის და ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო მედკამენტები მუდმივად ვითარდება. ადრეულ 50-იან წლებში, როცა ფსიქიატრიული ფარმაკოთერაპია ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტი, ქლორპრომაზინი, პარალელურად, მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად გამოიყენებოდა. პირველი პერიოდის პრეპარატებს მრავლობითი ჩვენება გააჩნდათ და თითქმის ყველა ნეიროტრანსმიტერზე ახდენდნენ გავლენას, ამიტომ სრულიად შესაძლებელი იყო, ერთი წამლით დეპრესიისთვისაც ემკურნალათ და შიზოფრენიისთვისაც. თანდათანობით, დაახლოებით 70-იანი წლებიდან, უფრო ვიწრო, სპეციფიკური მოქმედების მედიკამენტები ჩნდება, რომლებიც კონკრეტულ სამიზნე ჰორმონზე მოქმედებენ, იქნება ეს სეროტონინი, ნორეპინეფრინი თუ დოპამინი. დღესდღეობით, სპეციალიზებული მედიკამენტების ფარტო ასორტიმენტი არსებობს, რაც ინდივიდუალიზებული მკურნალობის აუცილებლობას ქმნის. მაგალითად, რომელიმე ტიპის წამალი, შეიძლება, მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტებიდან მხოლოდ ერთ-ერთს, არცერთს, ან ორივეს დაეხმაროს.

გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ის პრეპარატები, რომელთაც ჩვენ ანტიდეპრესანტებს ვუწოდებთ, გამოიყენება ბევრი სხვა დაავადების ან დარღვევის სამკურნალოდაც, როგორიცაა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა(OCD), პოსტურალური ტაქიკარდია, კვებითი აშლილობები, ყურადღების დეფიციტის სინდრომი(ADHD) და სხვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წამლები ექიმის დამოუკიდებლად, ნაცნობის გამოცდილებით უნდა მივიღოთ. როგორც უკვე ვთქვი, თითოეული მედიკამენტი ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. თუ თვითნებურად გადაწყვეტთ, დალიოთ რაღაც A წამალი იმიტომ, რომ მან მეზობლის დეპრესია განკურნა, შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მიიღოთ.

 

ადამიანები ხშირად სწორედ წამლების შიშით ამბობენ უარს მკურნალობაზე. გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მედიკამენტები "აზომბირებს", ან მათ საკუთარ პიროვნებას ართმევს. უნდა გვეშინოდეს თუ არა ფსიქოტროპული მედიკამენტების და რამდენად საშიში გვერდითი ეფექტები ახასიათებთ მათ? რა შეგვიძლია ვთქვათ მოწყვლად ჯგუფებზე, მაგალითად, ორსულებზე?

პირველი ფსიქიატრიული მედიკამენტები 50-იანი წლების საფრანგეთში, შიზოფრენიის სამკურნალოდ შეიქმნა. ქრონოლოგიურად, მათ შექმნას მოჰყვა ჯერ ბენზოდიაზეპინები, უფრო მოგვიანებით კი – ანტიდეპრესანტები. წამლების დახმარებით, ფსიქიკური აშლილობების მკურნალობამ თავშესაფრებიდან ღია საზოგადოებაში გადაინაცვლა, რაც, თავისთავად, უკვე დიდი მიღწევაა. დღეს არსებული მედიკამენტები, მიუხედავად თანმხლები, არასასურველი მოვლენებისა, არ ავლენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე ეფექტებს. ცხადია, ეს იმ პირობით, თუ პაციენტი პროფესიონალის დანიშნულებას მიჰყვება. ზოგადად, ფსიქიატრიაში მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს – მედიკამენტური ჩარევა და თერაპია. ქართულ კულტურაში, მე ხშირად ვაწყდები შეხედულებას, რომ ფსიქიატრთან ვიზიტი აუცილებლად უნდა დასრულდეს წამლის გამოწერით. აუცილებელია, რომ ერთი რამ გვახსოვდეს – პროფესიონალი ექიმი არასდროს გამოწერს წამალს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს.

ცალ-ცალკე განვიხილოთ ბენზოდიაზეპინები და ანტიდეპრესანტები. ბენზოდიაზეპინებს, სამწუხაროდ, ხანგრძლივი დროით გამოყენებისას ახასიათებთ ტოლერანტობის დაქვეითება: თანდათანობით, მოხმარებული დოზა აღარ იძლევა იმ ეფექტს, რასაც პირველ დღეებში გვაძლევდა და ორგანიზმი ითხოვს მის მატებას. შედეგად, ვიღებთ დამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ, მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის 3 თვეზე მეტი ვადით, თუმცა აქაც გვაქვს გამონაკლისები. ბენზოდიაზეპინებს, ისევე, როგორც ანტიდეპრესანტებს, აქვთ თავისი ვიწრო პროფილი და მათი მიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით უნდა განხორციელდეს. ასეთ შემთხვევაში მათი გამოყენების, ფაქტობრივად, ურისკოა.

რაც შეეხება ანტიდეპრესანტებს, მათი თანმხლები, არასასურველი მოვლენებიდან შეგვიძლია დავასახელოთ თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ორიენტაციის შესუსტება, ძილიანობა ან უძილობა და სხვა. როგორც წესი, ეს ეფექტები წამლის გამოყენებიდან 2 კვირის ვადაში ქრება. ერთადერთი სერიოზული და პოტენციურად საშიში გვერდითი ეფექტი, რაც ანტიდეპრესანტის მიღებას შეიძლება ახლდეს თან, არის სეროტონინის სინდრომი.  მისი ძირითადი სიმპტომებია აჟიტაცია, აგზნებულობა, ტემპერატურის მომატება მძიმე შემთხვევებში – ჰალუცინაციები, მაგრამ სინდრომის გამო ცნობიერების დაკარგვა ან უფრო მძიმე შედეგების დადგომა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ანტიდეპრესანტი ზედოზირებულად, დაუდევრად იქნება მოხმარებული. თუ პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის არსებობს ურთიერთგაგება, ავადმყოფი მიჰყვება თამაშის წესებს და მხარეებს აქვთ მუდმივი უკუკავშირი, მსგავსი პრობლემების განვითარების შანსი თითქმის არ არსებობს.

ცალკე მინდა გამოვყო ზოგიერთ ადამიანში, ანტიდეპრესანტის მიღების ფონზე განვითარებული სექსუალური დარღვევები, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება, ეაკულაციური ანჰედონია და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის გვერდითი ეფექტების შეგუება ძალიან რთულია, ამიტომ, ალბათ უმჯობესი იქნება, თუ პაციენტი და ექიმი პრეპარატის ტიპის ან კლასის შეცვლაზე შეთანხმდებიან.

რაც შეეხება ორსულებს, ფსიქიატრების მიერ მიღებული, ფსიქიკურად დაავადებული ორსულის მართვის გაიდლაინის მიხედვით, შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევებში, მკურნალობის პირველი ეტაპი უნდა იყოს ფსიქოთერაპია. მეტიც, დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში, უმჯობესია, დაორსულებამდე პერიოდშიც კი შეწყდეს ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, რომ აღარაფერი ვთქვათ ორსულობის პერიოდზე. თუმცა, ნაკლებად პრობლემურია ამ პერიოდში ანტიდეპრესანტების გამოყენება. დღესდღეობით არსებობს ანტიდეპრესანტების გამოყენების საკმარისი გამოცდილება. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტების ჩარევა უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით, ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე.

კომენტარები