ნიკა მელიას დაკავება

თალაკვაძე კობახიძეზე: მოსამართლის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება? ასე გადათარგმნეთ?

"ირაკლი კობახიძემ მოსამართლის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება? ასე გადათარგმნეთ?" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით "ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. 

კობახიძემ თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია "მელიას აყვანის მომხრე 17:00 საათამდე იყო", მაშინ, როდესაც სასამართლომ გადაწყვეტილება 17 თებერვლის 22:00 საათზე გამოაცხადა.  

იმედის ჟურნალისტმა თალაკვაძეს ჰკითხა, იცოდა თუ არა გუნდმა 17:00 საათამდე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. 

"იმედია, სხვა ბევრი ადამიანის შეკითხვას მისვამთ და არა თქვენს პირად შეკითხვას. იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტმა იცოდა, სასამართლოს ჰქონდა მხოლოდ ორი ალბათობა - პატიმრობა არ შეეფარდებინა და პატიმრობა გამოეყენებინა, როგორც ზომა. 

თუ პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური პარტიის წევრები სადმე განიხილავდნენ საკითხს, რომ თუ დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, შემდეგ როგორ შეიძლება, ეს პოლიტიკურ პროცესზე აისახოს, როგორ გადათარგმნეთ ეს? თქვენ თქვით, რომ ირაკლი კობაიხიძემ მიიღო მოსამართლის ნაცვლად გადაწყვეტილება? ასე გადათარგმნეთ? არ არის ასე უბრალოდ". - ამბობს თალაკვაძე.


გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიემართა საქალაქო სასამართლოსთვის შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებდა.

კომენტარები