ოპოზიციის ბოიკოტი

ოპოზიცია 4 მარტს მსვლელობას მოაწყობს, 13 მარტის აქცია 20-მდე გადაიდება

ტაბულა

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ხვალ, 4 მარტს საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, 13 მარტის აქცია კი 20-მდე გადაიდება. 

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ თქვა, ხვალ, 4 მარტს საპროტესტო აქცია-პიკეტი მთავრობის ადმინისტრაციასთან უნდა გამართულიყო, თუმცა, იმ მიზნით, რომ პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის "ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობა გამოირიცხოს", აქციის ფორმა შეიცვალა და მსვლელობას ჩაატარებენ. ბოკუჩავას თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ხელისუფლებამ ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქციები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად არ გამოიყენოს.

"ხვალ, 4 მარტს კანცელარიასთან აქცია პიკეტის ფორმით უნდა გამართულიყო. ეს შეიცვალა და იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის ნიკა მელია. 

13-ის ფართომასშტაბიანი აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის, იმიტომ, რომ იცით, პრეზიდენტმა მიშელმა დააწესა 2 კვირა, მხარეებს მისცა ორკვირიანი ვადა, რათა მოხდეს ამ ვადებში შეთანხმება იმ საკითხებზე, რაც არის მოხსენებული დოკუმენტში, რომელიც მისი ავტორობით დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე". – ამბობს ბოკუჩავა.

მისივე თქმით, მცირე აქციების, მათ შორის, სასამართლოსთან და პოლიციასთან დაგეგმილი აქციის ფორმის შეცვლაზე კვლავ იმსჯელებენ. 


საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

კომენტარები