შარლ მიშელის ვიზიტი

ჯაფარიძე: მოლაპარაკებას დაემატა 2 პუნქტი, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილებაზე

ტაბულა

"არსებულ პუნქტებს დაემატა ორი პუნქტი, ერთი ეხება მართლმსაჯულების რეფორმას და ერთი ეხება ძალაუფლების დანაწილებას. ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭიროა იყოს იმ დიდი შეთანხმების ნაწილი". – თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციისა და ქართული ოცნების შეხვედრის შემდეგ. 

"დიალოგი არის ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, ეს გვესმის ჩვენც და ამაზე ყოველდღე საჯაროდ ვსაუბრობდით, ახლა მთავარია, ამ 6 პუნქტის გარშემო რომ დავიწყებთ საუბარს, ხელისუფლებამ გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა და მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის. 

პოზიცია ოცნების, ღარიბაშვილის, მხრიდან, რომ რაღაც თემაზე არ ვისაუბრებ, გაჟღერებული არ ყოფილა. იქ არის პუნქტები, მათ შორის ხელახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ასე შემდეგ, ყველა ეს პუნქტი დევს მაგიდაზე". – თქვა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. 

შარლ მიშელის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაა.

კომენტარები