ევროკავშირი-სომხეთი

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი საპარტნიორო შეთანხმება ამოქმედდა

EU Neighbours

სომხეთსა და ევროკავშირს შორის საპარტნიორო შეთანხმება – Comprehensive and Enhanced Partnership Agreement (CEPA) – 1-ელ მარტს ამოქმედდა

შეთანხმებას ხელი 2017 წლის 24 ნოემბერს მოეწერა, 3-წლიანი რატიფიკაციის პერიოდის შემდეგ კი, 1-ელ მარტს, ოფიციალურად შევიდა ძალაში. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეთანხმება ერევანსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს. დოკუმენტი მხარეების სამართლის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში კოოპერაციას მოიაზრებს. შეთანხმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასაც ეხმიანება. 

აქამდე, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მხოლოდ 1996 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით რეგულირდებოდა. 1-ელ მარტს ამოქმედებული საპარტნიორო შეთანხმება მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, აღნიშნული დოკუმენტი, კულუარებში, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების "მინი ვერსიადაა" ცნობილი.

სომხეთი ამიერკავკასიის პირველი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნულ შეთანხმებას მიაღწია. მოლაპარაკების რეჟიმში იმყოფება აზერბაიჯანული მხარეც. საქართველოს, ამ დროისთვის, მხოლოდ ასოცირებისა და უვიზო მიმოსვლის შეთანხმება აქვს გაფორმებული. 

დოკუმენტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილების გამარტივებასაც მოიაზრებს. ამ დროისთვის სომხეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება არ აქვთ. 

კომენტარები