მიანმარი

Facebook-მა მიანმარის სამხედრო რეჟიმთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკა

ფოტო: rappler.com

ამერიკულმა კომპანია Facebook-მა მიანმარში მომხდარი გადატრიალების გამო სამხედრო რეჟიმისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ოფიციალური გვერდები და ანგარიშები დაბლოკა

პირველ ეტაპზე, მიანმარში 20 თებერვალს მომხდარი მოვლენების შემდეგ, Facebook-მა სამხედროთა ოფიციალური გვერდი გააუქმა. აკრძალვების მეორე ტალღა გუშინ, 24 თებერვალს დაიწყო, როდესაც კომპანიამ Facebook-სა და Instagram-ზე სამხედრო რეჟიმთან დაკავშირებული პირების, ტელევიზიებისა და ორგანიზაციების ანგარიშებიც გააუქმა. 

საკითხთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ გვერდების დაბლოკვა აუცილებელი იყო, რადგან მათი საშუალებით სამხედროები მოსახლეობას ძალადობისაკენ მოუწოდებდნენ, რაც, თავის მხრივ, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

ანალიტიკოსთა ნაწილი კომპანიის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს. მათი თქმით, Facebook-ი თვითნებურ ცენზურას აწესებს და ის აქტიურად ერთვება პოლიტიკურ საკითხებში, რაც სცდება სოციალური მედიის კომპეტენციის ფარგლებს. 


პირველ თებერვალს მიანმარშიმოხდა სამხედრო გადატრიალება. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები