მიანმარი

მიანმარის საპროტესტო აქციებს კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

CNN

მიანმარში საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა კაცისა და მოზარდი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 20 თებერვალს ქალაქ მანდალაიში სამთავრობო ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი კიდევ ერთხელ გაუხსნეს. მოვლენების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით დაშავებულია კიდევ 30-მდე დემონსტრანტი.

საპროტესტო აქციები 20 თებრვლამდე მშვიდობიანი სახით მიმდინარეობდა. 20 თებერვალს მანდალაიში მცირე შეტაკება მოხდა გაფიცულ მუშებსა და პოლიციას შორის, რასაც სამთავრობო ძალების არაპროპორციული ქმედება მოჰყვა.

მანდალაიში დემონსტრანტების დარბევაში პოლიციას ჯარის ნაწილიც დაეხმარა. სამხედრო ხუნტამ მსუბუქ ქვეითთა 33-ე ბატალიონი გამოიყენა. 33-ე ბატალიონი ცნობილია 2017 წლის დაუნდობელი ქმედებებით მიანმარში მცხოვრები როჰინჯათა ეთნიკური უმცირესობის მიმართ.

მომაკვდინებელი ძალის გამოყენება დაგმო გაერომ, საფრანგეთმა, სინგაპურმა და ბრიტანეთმა. 

20 თებერვალს გამოყენებული მომაკვდინებელი ძალის მიუხედავად, 21 თებერვალს ათი ათასობით დემონსტრანტი კვლავ გამოვიდა მიანმარის დიდ ქალაქებში. ამავე დღეს მოეწყო პირველი ცნობილი მსხვერპლის, 20 წლის მია თვეჰ თვეჰ ხაინის დაკრძალვის ცერემონია. 

20 თებერვლის მოვლენების შემდეგ Facebook-მა მიანმარის სამხედროთა კუთვნილი გვერდი გააუქმა. 

20 წლის გოგოს სამგლოვიარო პროცესია
ფოტო: BBC

პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები