ტექნოლოგიური გიგანტები

Facebook-მა ავსტრალიაში საქველმოქმედო და სახელმწიფო გვერდებიც დაბლოკა

მარკ ცუკერბერგი
ფოტო: thetimes.co.uk

კომპანია Facebook-მა ავსტრალიაში მედია და სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად საქველმოქმედო, სახელმწიფო და კომერციული გვერდებიც დაბლოკა.

CNBC-ის ინფორმაციით, დაბლოკილია ისეთი გვერდები, როგორებიცაა: გადაარჩინეთ ბავშვები - ავსტრალია, ჰობარტის ქალთა თავშესაფარი, ჯანდაცვისა და მეტეოროლოგიური ბიუროები, ქალაქის საკრებულო და სხვა სამთავრობო სერვისები. 

Facebook-ის ეს ქმედება ახალი კანონპროექტის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ძალაში ჯერაც არ შესულა და, სავარაუდოდ, Google-სა და Facebook-ს გამოყენებული მასალების გამო ავსტრალიური გამომცემლობების ანაზღაურებას აიძულებს. 

Facebook-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანია ავსტრალიური მედია და სამაუწყებლო კომპანიების შეზღუდვის გარდა, ავსტრალიელი მოსახლეობისათვის ახალი ამბების გაზიარების აკრძალვასაც გეგმავდა, თუმცა საქველმოქმედო და სამთავრობო გვერდების დაბლოკვაზე ოფიციალურ განცხადებებში საუბარი არ ყოფილა.

ტექნოლოგიური გიგანტის მიერ არასამაუწყებლო გვერდების დაბლოკვას პროტესტის ტალღა მოჰყვა. 

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა Facebook-ის ქმედებებს ამპარტავნული და იმედგამაცრუებელი უწოდა. 
 


კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ზოგიერთ გვერდს ბლოკი მოეხსნება, თუმცა როდის და რომლებს, ჯერჯერობით უცნობია. 
 

კომენტარები