ტექნოლოგიური გიგანტები

Facebook-მა ავსტრალიაში ახალი ამბების გაზიარება აკრძალა

ფოტო: ft.com

კომპანია Facebook-მა ავსტრალიური მედია და სამაუწყებლო კომპანიები დაბლოკა, გარდა ამისა, ავსტრალიელ მოსახლეობას ახალი ამბების ნახვა და გაზიარებაც აეკრძალა. 

Facebook-ის ქმედება ახალი კანონპროექტის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც Google-სა და Facebook-ს გამოყენებული მასალების გამო ავსტრალიური გამომცემლობების ანაზღაურებას ავალდებულებს. 

კანონპროექტის ინიციატორების აზრით, სამაუწყებლო კომპანიები გაცილებით ნაკლებ კომერციულ სარგებელს იღებენ თავიანთი მომზადებული სიახლეებით, ვიდრე ტექნოლოგიური გიგანტები. 

ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები აკრიტიკებენ ავსტრალიის ინიციატივას, მათი თქმით, მსგავსი რეგულაციები ეწინააღმდეგება ინტერნეტ სივრცის წესებს და გამოიწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მედია კომპანიებს დააზარალებენ.

ავსტრალიის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებით იმუქრება კომპანია Google-იც, მისი წარმომადგენლების თქმით, თუკი პარლამენტი მიიღებს ახალ კანონს, ავსტრალიას Google-ის სერვისებთან წვდომა შეუწყდება, მათ შორის, საძიებო სისტემასთან. 

ავსტრალიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ახალ ამბებს Google-ისა და Facebook-ის საშუალებით იღებს. 

სამაუწყებლო კომპანიების გარდა, დაიბლოკა რამდენიმე სამთავრობო გვერდიც. 
ჯერჯერობით უცნობია, მოხსნის თუ არა Facebook-ი დაწესებულ შეზღუდვებს. 

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ავსტრალიის შემთხვევა მთელი მსოფლიოსათვის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რაოდენ ძლიერები არიან ტექნოლოგიური კომპანიები. 
 

კომენტარები