აშშ-ჩინეთი

აშშ-ს სამხედრო ხომალდი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შევიდა

National Review

აშშ-ს საზღვაო ძალების მეშვიდე ფლოტის გამანადგურებელი ხომალდი USS Russell-ი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შევიდა. გემმა სპრატლის კუნძულების მახლობლად გაცურა, რომლებზეც ჩინეთის მთავრობა პრეტენზიას აცხადებს და ხშირად დავის საკითხი გამხდარა. 

შეერთებულმა შტატებმა ამ ქმედებით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ხაზი გაუსვა სპრატლის კუნძულებზე ნაოსნობის უფლებებსა და თავისუფლებებს.

ჩინეთს აქვს პრეტენზია, რომ მთელ არქიპელაგზე მისი  სუვერენიტეტი ვრცელდებოდეს, მაგრამ გარკვეულ კუნძულებზე საკუთრების მოთხოვნა აქვთ ბრუნეის, მალაიზიას, ფილიპინებს, ტაივანსა და ვიეტნამს. 

ჩინეთს კუნძულების მეშვეობით რესურსებით მდიდარი ტერიტორიული წყლების მოპოვება სურს. ეს საკითხი აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

USS Russell-ის სპრატლის კუნძულებთან გამოჩენამდე, ბოლო ხანებში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ორი ამერიკული ხომალდი წვრთნებს ატარებდა, ამ თვის დასაწყისში კი აშშ-ს სამხედრო ხომალდმა ჩინეთის კონტროლირებადი პარაცელის კუნძულების სანაპიროს მახლობლად გაცურა. ეს ქმედებები მოიაზრეს, როგორც იმის ნიშანი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ექსპანსიის სურვილების მიმართ პოლიტიკას არ ცვლის და დათმობას არ აპირებს.

 

კომენტარები