იემენი

აშშ იემენელ ჰუსიტებს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

ენტონი ბლინკენი

12 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ 16 თებერვლიდან იემენელ ჰუსიტებს ტერორისტების სიიდან ამოიღებენ. ამავდროულად მან თქვა, რომ ჯგუფის წევრებს შეიძლება უფრო მეტი სანქციები დაუწესონ. 

"ეს გადაწყვეტილება არის იემენის მძიმე ჰუმანიტარული ვითარების აღიარება". - თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ გლობალურ ტერორისტთა სიიდან ამოშლიან ჰუსიტების სამ ლიდერს, აბდულ მალიქ ალ-ქუსის, აბდ ალ-ხალიკ ბადრ ალ-დინ ალ-ჰუსის და აბდულა იაჰია ალ ჰაქიმის. ბლინკენის თქმით, მათ სანქციებს არ მოუხსნიან. 

მისივე თქმით, ახლოდან დააკვირდებიან ჰუსიტების აქტივობებს და ამოიცნობენ დამატებით სამიზნეებს სანქციების დასაწესებლად.

"შეერთებული შტატები ნათლად უყურებს ანსარ ალაჰის (ჰუსიტების) ბოროტ ქმედებებს. ანსარ ალაჰის მოქმედებები და შეუპოვრობა ახანგრძლივებს ამ კონფლიქტს და სერიოზულ ჰუმანიტარულ ხარჯებს". - დასძინა ბლინკენმა.

ბაიდენმა გასულ კვირას დააანონსა, რომ დაასრულებს იემენში საუდის არაბეთის კოალიციის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 12 თებერვალს, იემენის ჰუსიტების სპიკერმა განაცხადა, რომ ჰუსიტების საჰაერო ძალებმა დრონებით დაარტყეს საუდის არაბეთის აბჰას საერთაშორისო აეროპორტს და მეფე ხალიდის საჰაერო ბაზას. 13 თებერვალს საუდის არაბეთის ტელევიზია Al Arabiya-მ საუდის არაბეთის კოალიციის სპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიციამ ხელში ჩაიგდო ჰუსიტების დრონი, რომელმაც აბჰას აეროპორტი მიზანში ამოიღო.

ენტონი ბლინკენმა 20 იანვარს სენატში მოსმენაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰუსიტების ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანაზე ბლინკენმა თქვა, რომ ეს მათთან მოლაპარაკებებს და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაართულებს და ამიტომ პოსტის დაკავებისთანავე ამ საკითხს განიხილავს. ამასთანავე, ბლინკენმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დაასრულებს იემენში საუდის არაბეთის კოალიციის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერას, თუმცა საუდის არაბეთს დაეხმარება მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებთან გამკლავებაში. ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში აშფოთებთ ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც საუდის არაბეთმა გადადგა და ორმხრივ ურთიერთობას ამ ჭრილში განიხილავენ.


აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გადაწყვეტილება ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თაობაზე მოჰყვა 30 დეკემბრის თავდასხმას იემენის ქალაქ ადენის აეროპორტზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუდის არაბეთის კოალიციამ თავდასხმაში სწორედ ჰუსიტები დაადანაშაულა.

იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო.

2014 წელს, ჰუსიტი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი და დედაქალაქის დაკავების შემდეგ პრეზიდენტი ჰადი ჯერ ქალაქ ადენში გაიქცა, შემდეგ კი საუდის არაბეთში. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო. მათ ჰადის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. დედაქალაქ სანას ამ დრომდე ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ. მათ მხარს ირანი უჭერს. ჰუსიტებს აშშ-მ უკვე დაუწესა სანქციები. საქველმოქმედო ორგანიზაციები ანსარ ალაჰის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად იძულებული არიან ჰუსიტებთან ითანამშრომლონ.

მაშინ მაიკ პომპეომ განაცხადა, რომესმით მათი შეშფოთებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და გაეროსთან ერთად იმუშავებენ ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებისათვის.

იმ დროს გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს მიაჩნდათ, რომ ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ და აშშ-ს ეს ქმედება პოლიტიკურ ნაბიჯად და კონფლიქტში საუდის არაბეთის კოალიციის მხარდაჭერად აღიქმება, რაც მომავალში მის დიპლომატიურ გადაჭრას გაართულებს. მსგავსი მოსაზრება გამოთქვეს პომპეოსადმი მიწერილ ღია წერილში ამერიკელმა დიპლომატებმა, რომელთა შორის იყო იემენში აშშ-ს 6 ყოფილი ელჩი.

2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 112,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 12,600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის მიხედვით, კონფლიქტის განმავლობაში შიმშილით დაიღუპა 80,000-ზე მეტი ბავშვი. 2017-2018 წლებში კი ქვეყანაში ქოლერა გავრცელდა, რასაც 2,556 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები