ტექნოლოგიური გიგანტები

Parler-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ მეტსი, თანამდებობიდან გადააყენეს

ჯონ მეტსი
ფოტო: Jaap Arriens, NurPhoto , Getty Images

სოციალური ქსელი Parler-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ მეტსი კომპანიის დირექტორთა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა.

“მე დაუსრულებლად ვმუშაობდი და ვიბრძოდი Parler-ისთვის, თუმცა ამ ეტაპზე მისი მომავალი უკვე ჩემს ხელში აღარ არის“. – ამბობს ჯონ მეტსი.

მეტსის თქმით, ის მუდმივ წინააღმდეგობებს ხვდებოდა დირექტორთა საბჭოს მხრიდან, რადგან მისი იდეები და ხედვა სიტყვის თავისუფლების შესახებ მათთვის მიუღებელი იყო.

Parler-ი Twitter-ის ალტერნატივაა, სადაც, მომხარებელთა აზრით, დაცულია სიტყვის თავისუფლება და მემარჯვენეთა იდეები.

2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემდეგ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, Amazon-მა, Google-მა და Apple-მა, შეთანხმებით იმოქმედეს Parler-ის წინააღმდეგ.

პირველ ეტაპზე Parler-ის აპლიკაცია წაშალეს Google Play-დან და Apple App Store-დან, შემდეგ კი Amazon-მა მას ვებჰოსტინგის სერვერებთან (AWS) წვდომა შეუწყვიტა.

ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლების თქმით, Parler-ის პლატფორმის საშუალებით ვრცელდებოდა რადიკალთა მესიჯები, რომლებიც მომხმარებლებს ძალადობისაკენ მოუწოდებდნენ.
Amazon-ი Parler-ს მომსახურების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

თავად Parler-ი კი ტექნოლოგიურ გიგანტებს ანტიკონკურენტულ ქმედებაში ადანაშაულებს და Amazon-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.

Parler-ი ამჟამად ვებჰოსტინგისათვის Epik-ის სერვერებს იყენებს, თუმცა მისი ფუნქციონირება სრულად ჯერაც არ აღმდგარა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მომავალი ელის Parler-სა და მის სარჩელს.

 

კომენტარები