ზაზა გახელაძე

ზალკალიანი გახელაძის უკანონო პატიმრობაზე: მუდმივი წნეხი იქნება მათზე, პირობას გაძლევთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"მუდმივი წნეხი იქნება მათზე, მე ამის პირობას გაძლევთ, ყველა ფორუმზე და ყველა ფორმატში, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს". – ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონოდ დატყვევებას.

ზალკალიანის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან პროვოკაციაა და მცდელობაა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში "დესტრუქციული ელემენტები" შემოიტანონ.

"ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომელსაც მივმართავდით ჩვენ წინა მსგავსი უკანონო ქმედებების დროს. ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა და მცდელობა, რომ ეს დესტრუქციული ელემენტი შემოიტანონ, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, გახადონ ის საქართველოზე ზეწოლის ერთგვარ ინსტრუმენტად, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გავლილი არის. ჩვენ არაერთი მსგავსი მაგალითი გვინახავს ამის და ვიცით, რა ხერხებით დავუპირისპირდეთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მე ამის პირობას გაძლევთ". – ამბობს ზალკალიანი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

გახელაძის უკანონოდ დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. აშშ-ს საელჩო თბილისში გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთას თორმეტი წლითა და ექვსი თვით. 

ამ ფაქტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ევროკავშირი გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. 

5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

ამავე დღეს, ზაზა გახელაძის ოჯახმა პროტესტის ნიშნად დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

კომენტარები