ქართული კინო

დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისმა" ტრიესტის ფესტივალზე გაიმარჯვა

დეა კულუმბეგაშვილის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა - "დასაწყისი" ტრიესტის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა. სურათმა საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის წოდება მოიპოვა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის წარადგინა ჟიურის წევრმა პაოლო ბერტოლინმა, რის შემდეგაც დაჯილდოვების ცერემონიას თბილისიდან ონლაინ ფილმის ავტორი შეუერთდა.

"დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, ფესტივალს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც კინოფესტივალის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა. დიდი მადლობა კინოს მხარდაჭერისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა". – ამბობს ვიდეოჩართვაში ქართველი რეჟისორი.

ტრიესტის საერთაშორისო კინოფესტივალს ოცდაათწლიანი ისტორია აქვს. წლევანდელ დაჯილდოებას 50-დე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ნამუშევარი იყო წარდგენილი.

ფილმი ქართულ-ფრანგული ერთობლივი წარმოებაა, რომელმაც ეროვნული კინოცენტრის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსიდან მოიპოვა დაფინანსება. სცენარი კულუმბეგაშვილსა და რატი ონელს ეკუთვნით. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. გადაღებები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.

გასულ წელს სურათმა ტორონტოს კინოფესტივალის ჟურნალისტების ასოციაციის ჯილდო მიიღო. მოგვიანებით კი სან-სებასტიანის ტრიუმფატორი გახდა, როდესაც საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, სცენარისა და მსახიობი ქალის კატეგორიებში გაიმარჯვა. "დასაწყისი" 2020 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფილმი საქართველოს სახელით "ოსკარის" ნომინაციისთვის იბრძვის.

 

კომენტარები