22 და 23 სექტემბერს, კინოთეატრ ამირანში რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, ლურჯი მოცვის ჩვენებები გაიმართება.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2024 წლის 19 მარტს კოპენჰაგენის საერთაშორისო
დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CPH:DOX საკონკურსო სექციის Next:Wave
Competition ფარგლებში შედგა.
ლურჯი მოცვი ასევე ნაჩვენები იყო ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე
BRIFF, არლის ფოტო და კინოფესტივალზე Les Rencontres de la
Photographie. 2024 წლის 18 ივლისს ფილმის რეგიონული პრემიერა
ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სურათმა ფესტივალზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა
დაიმსახურა.
ლურჯი მოცვი ნაჩვენები იქნება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე (27
სექტემბერი - 3 ოქტომბერი) და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების
ფესტივალზე (4-8 ოქტომბერი). ფილმის გუნდი ასევე ოქტომბერში დამოუკიდებელ
ჩვენებას ზუგდიდშიც გეგმავს.
ფილმში მელაძეების ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ზუგდიდში,
საოკუპაციო ხაზთან სულ რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს. ოჯახი მომავლის
იმედებს მოცვის პლანტაციაზე ამყარებს. სოსო და ნინო თავდაუზოგავად
შრომობენ, მუშაობაში შვილები - ლაზარე და გიორგიც ეხმარებიან, თუმცა მათ სულ
სხვა ოცნებები აქვთ. მელაძეების ოჯახი თავის გატანას სხვადასხვა გზით
ცდილობს, მაგრამ საკმარი არც მათი პატარა საოჯახო სასტუმროა და არც ოჯახური
მეურნეობა. სოსო და ნინო გადაწყვეტენ იპოთეკური სესხი აიღონ და სახელმწიფო
პროგრამაში "დანერგე მომავალი" ჩაერთონ.
"სითბოთი და დახვეწილი იუმორით გაჯერებული ფილმი ქართული ოჯახის
წამოწყებაზე: მოაშენონ მოცვის პლანტაცია იქ, სადაც ისტორიული კონფლიქტი ჯერ
კიდევ მძვინვარებს. ახალი ფილმი ძველი სამყაროდან, სადაც ოჯახის ორი ვაჟი
განსხვავებულ მომავალზე ოცნებობს" - წერს კინოფესტივალი CPH:DOX.