ქართული კინო

1 თებერვალს კინოთეატრ ამირანში ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმი "ლოტო" გამოვა

ფილმ "ლოტოს" პოსტერი

1-დან 4 თებერვლის ჩათვლით კინოთეატრ ამირანში ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმი ლოტო გამოვა.

ფილმის პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით, საქართველოსა და ლიტვის ერთობლივმა სურათმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო პრომეთე მიიღო.

ლოტო ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ნამუშევარია, რეჟისორი გადაღებების დროს გარდაიცვალა. ფილმი მისმა შვილმა, თამთა ხალვაშმა და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებმა დაასრულეს.

თავად რეჟისორის თქმით ლოტო არის "შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე".

"ამ სცენარის კონცეფცია ჩემი ბავშვობის პერიოდის მოგონებებიდან ავიღე, მოგონებები, რომელიც მე პირადად განვიცადე და რომელიც უშუალოდ ჩემს ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისგან დამრჩა. აღნიშნული ეზო და მისი მაცხოვრებლები ჩვენი საზოგადოების სარკეა და ამიტომ ყველას შეეძლება ამოიცნოს ამ ეზოში მცხოვრები ადამიანები". – ამბობდა რეჟისორი.

ლოტოს ოპერატორია გიორგი შველიძე, რომელიც ხალვაშის
წინა ფილმზე, ნამეზეც მუშაობდა. 2019 წელს ქართველმა ოპერატორმა ფილმისთვის ამერიკის
კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი პრიზი (ASC Awards) მიიღო.

ხალვაშის სხვა ნამუშევრებს შორის არის ფილმები ნამე, ჟამი, აქ ჩვენთან, ასევე სერიალი მგლების ხორუმი. მისი ფილმები სხვადასხვა დროს ნაჩვენები იყო ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს, ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

კომენტარები