კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც მოქალაქე PCR ტესტით შემოდის, თურქეთი ემატება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორები მხოლოდ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდიან და მესამე დღესაც ვალდებულები არიან ტესტირება ჩაიტარონ, თურქეთის რესპუბლიკა ემატება.

თურნავას თქმით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი ტურისტული სექტორისთვის "ჟანგბადის ჩასუნთქებაა".

"თქვენ იცით, რომ ჩვენ განვაცხადეთ წესების გარკვეულად შემსუბუქება - ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან რეზიდენტი, ვისაც აქვს სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა, თავის ქვეყნის მიერ გაცემული, უპირობოდ შემოდის ქვეყანაში და ასევე, გვაქვს დადგენილი ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური  PCR ტესტის პასუხით და საქართველოში ვალდებულია, მესამე დღეს კვლავ ჩაიტაროს ტესტირება. ამ ქვეყნების სია გადაიხედება ხოლმე, ეპიდემიოლოგიური ვითარებებისა და ტურისტული ინდუსტრიის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, ემატება თურქეთის რესპუბლიკა და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს". – თქვა თურნავამ.

პირველი თებერვლიდან, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი. სწორედ ამ სიას დაემატა თურქეთი.

 

კომენტარები