თუ PCR ტესტის პასუხი გექნებათ და მე-3 დღესაც ჩაიტარებთ, თვითიზოლაცია აღარ მოგიწევთ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

პირველი თებერვლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც ქვეყანაში შემოსვლისას PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ექნება და მესამე დღესაც განმეორებით ჩაიტარებს, თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნება. ხოლო თუ ქვეყანაში შემოსულ საქართველოს მოქალაქეს ტესტის პასუხი არ ექნება, ის 12 დღის ნაცვლად, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესიც მიიღო:

ყველა ქვეყნის მოქალაქე, ვისაც გაკეთებული ექნება Covid-ვაქცინის სრული კურსი (ორი დოზა) და წარადგენს ამის დამადასტურებელ საბუთს, უპირობოდ შემოვა საქართველოში.

ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი.

"თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მესამე დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი და კომფორტულად შემოვიდნენ და იგრძნონ თავი საქართველოში" - თქვა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ავიაკომპანიებს მიმართა თხოვნით, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან Covid-ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომენტარები