მიანმარი

ქალი აერობიკის გაკვეთილს წერდა და შემთხვევით მიანმარის სამხედრო გადატრიალება გადაიღო [VIDEO]

მიანმარში ინსტრუქტორი ხინგ ჰნინ ვაი აერობიკის ვიდეოგაკვეთილს წერდა და შემთხვევით სამხედრო გადატრიალება გადაიღო. ვიდეო მან თავის Facebook-გვერდზე გააზიარასამწუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება სამხედროების მანქანები პარლამენტს.

ფიზკულტურის მასწავლებელსა და აერობიკის ინსტრუქტორს Facebook-ზე 25 000 გამომწერი ჰყავს. ის ხშირად წერს ვარჯიშის ვიდეოებს მიანმარის პარლამენტის შენობისკენ მიმავალი გზის სიახლოვიდან. ვიდეოს წუთ-ნახევრიანი მონაკვეთი უკვე გახდა ვირუსული და ინტერნეტში გავრცელდა.


მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. შეიარაღებული ძალების სატელევიზიო არხის მიხედვით, ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცათ, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინგს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი დააკავეს.

ქვეყნის დიდ ქალაქებში შეფერხებით მუშაობს სატელეფონო სერვისები და ინტერნეტი. გათიშულია სახელმწიფო და საერთაშორისო მედია, დროებით შეჩერებულია საბანკო სერვისები.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სესია, რომელზეც მთავრობა უნდა დაემტკიცებინა. აუნ სან სუ ჩის პარტიას მოპოვებული მანდატები მთავრობის ფორმირებისათვის ჰყოფნიდა.

კომენტარები