არჩევნები 2020

ბობოხიძე: ალეკო ელისაშვილი პარლამენტში უკვე კარგა ხანია, შესულია

ევროპული საქართველო

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში უკვე კარგა ხანია, შესულია და არა მარტო ის, ალეკო ელისაშვილი – ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე პარტია მოქალაქეების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას. 

"დღევანდელი ეს სპექტაკლიც დაიდგა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ქართულ ოცნებას სჭირდება მიზეზი, უახლოეს სხდომაზე რატომ არ მოხსნის დეპუტატებს უფლებამოსილებას და იტყვიან, რომ ახალი წინადადება შევთავაზეთ ოპოზიაციას და ამიტომაც არ ვხსნით, რომ მოლაპარაკებებისთვის კარი ღია დავტოვოთო. 

კარი მოლაპარაკებებისათვის ყოველთვის შეიძლება გავაღოთ, ოღონდ ამას არ სჭირდება სადეპუტატო უფლებამოსილება. ქართულ ოპოზიციას ხელისუფლებასთან არაფერი აქვს სალაპარაკო პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ეს საკითხი გადაწყვეტილი და დახურულია". – ამბობს კაკო ბობოხიძე. 

როგორც ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, ქართული ოპოზიცია ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთ რამეზე შეძლებს ილაპარაკოს – იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა იმ ჩიხიდან, რასაც "ხელისუფლების მიტაცება" ჰქვია. 

"ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია". – თქვა აკაკი ბობოხიძემ. 

29 იანვარს მოქალაქეების წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

სხვა მიზეზებთან ერთად, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა თავიანთი გადაწყვეტილების შეცვლა იმითიც გაამართლეს, რომ გუშინ, 28 იანვარს, საქალაქო სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პოლიტპატიმრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გაათავისუფლეს

ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მათი გათავისუფლება მისი პარტიის დამსახურებაა, თუმცა, თავად ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და არ სურს, ვინმეს ვაჭრობის საგანი იყოს. 

კომენტარები