ალექსეი ნავალნი

ნავალნის ძმა, თანამოაზრეები Covid-19-ის შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით დააკავეს

ალექსეი ნავალნი და ოლეგ ნავალნი
The Moscow Times

რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ოჯახის წევრი და თანამოაზრეები სახლების და სამუშაო ადგილების ჩხრეკის შემდეგ დააკავეს კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის ბრალდებებით - ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ივან ჟდანოვი ავრცელებს

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციების გამართვის შემდეგ მოსკოვში 30 ადგილას ჩატარდა ჩხრეკა. 

ჟდანოვის თქმით, 48 საათით დააკავეს ნავალნის ძმა, ოლეგი, ანტიკორუფციული სააგენტოს ადვოკატი და ოპოზიციონერი, ლიუბოვ სობოლი, ასევე, ნავალნის ოფთალმოლოგი და დამოუკიდებელ ექიმთა ალიანსის უფროსი, ანასტასია ვასილიევა

ნავალნის სახლი მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც 31 იანვარს მისი მხარდამჭერი მეორე აქცია დააანონსეს

ანასტასია ვასილიევა სამართალდამცავებს ამგვარად დახვდა:

ამავე გამოძიების ფარგლებში 48 საათით დააკავეს Pussy Riot-ის წევრი, მარი ალიოხინა

კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების დარღვევის ბრალდებებით, შესაძლოა, ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ და ეს ვადა შესაძლოა 5 წლამდე გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ მაღალჩინოსნები დაასკვნიან, რომ ამ დარღვევებმა სხვისი სიკვდილი გამოიწვია. 

რუსეთის Covid-19 კრიზისის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსკოვში სათვალთვალო კამერებით ამოიცნეს, სულ მცირე, 19 დაინფიცირებული მომიტინგე და მოსახლოებას აფრთხილებენ, რომ, შესაძლოა, მომავალი ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს. 

ამასთან ერთად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს ნავალნის თანამოაზრეს, ლეონიდ ვოლკოვს, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების არასანქცირებულ საპროტესტო აქციებზე დასწრების "წაქეზებისთვის".

რუსმა გამომძიებლებმა ასევე განაცხადეს, რომ აქციების შემდეგ 21 სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყეს, რაც მოიცავს მაღალჩინოსნებზე ძალადობას, მოძრაობის ჩაკეტვას. 


23 იანვარს რუსეთში გაიმართა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები "თავისუფლება ნავალნის". რუსეთში ბოლო წლებში ეს ყველაზე მასშტაბური აქციები იყო. პროტესტს ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. ნავალნის შტაბი აქციის ჩატარებას 93 ქალაქში გეგმავდა. აქციები ასევე გაიმართა საზღვარგარეთ: ავსტრალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

აქციებზე 3900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მოსკოვში დააკავეს ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია და პოლიტიკოსის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე.

კომენტარები