აშშ-ჩინეთი

ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს

ჩინეთის დროშის აღმართვა ჩინეთის ავიამზიდ Shandong-ზე, 17 დეკემბერი, 2019
AP

მიმდინარე კვირაში ჩინეთი აპირებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყოს. ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ გამოსცა ცნობა, რომ ტონკინის ყურის ნაწილში 27 იანვრიდან 30 იანვრამდე შესვლა აკრძალა. თუმცა, უწყებას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის დაიწყებოდა წვრთნები და რა მასშტაბის იქნებოდა.

24 იანვარს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ავიამზიდ USS Theodor Roosvelt თაოსნობით რამდენიმე ამერიკულმა ავიამზიდმა შეცურა. აშშ-ს სამხედრო ძალების თანახმად, ეს ნაბიჯი თავისუფალი ზღვის პრინციპების წახალისებისთვის გადაიდგა. ამერიკულმა ავიამზიდმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მას შემდეგ შეცურა, რაც ტაივანმა ჩინური საბრძოლო თვითმფრინავების მის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ განაცხადა, რომლებიც უკან გაბრუნდნენ. 

სამხრეთ ჩინეთის ზღვის წყლები პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხია. ბოლო წლებში აქ გაიზარდა აშშ-ს სამხედრო ძალების აქტიურობა, მაშინ როცა ჩინეთი ცდილობს, თავისი ტერიტორიული პრეტენზია განამტკიცოს. ტერიტორიული წყლების საკითხი ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებს, ვიეტნამს, მალაიზიას, ფილიპინებს, ბრუნეისა და ტაივანს შორის სადაო საკითხია.

ორშაბათს ჩინეთმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხშირად აგზავნის სამხრეთ ჩინეთის გზაში თვითმფრინავებს და საზღვაო ხომალდებს თავისი ძალის დემონსტრირებისთვის და ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

23 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტაემნტში განაცხადეს, რომ აშშ შეშფოთებით აკვირდება ჩინეთის მიერ მეზობლების დაშინების მცდელობებს, მათ შორის, ტაივანის. სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს დაჟინებით მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხი და ჩაერთოს შინაარსიან დიალოგში ტაივანის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.

კომენტარები