აშშ

ბაიდენი ტრამპის მიერ მოგზაურობაზე მოხსნილ აკრძალვებს აღადგენს

ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღადგენს დონალდ ტრამპის მიერ მოგზაურობაზე გაუქმებულ აკრძალვებს. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად კვლავ დაწესდება შეზღუდვები ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან, ირლანდიიდან და ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილიდან მომავალი მოქალაქეობის არმქონე მგზავრებისათვის.

შეზღუდვები გაფართოვდება და გავრცელდება სამხრეთ აფრიკაში ნამყოფ პირებზეც, ვინაიდან სწორედ აქ დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი.

სამოგზაურო შეზღუდვა, რომელიც ევროპის ქვეყნებს გასული წლის მარტში დაუწესდათ, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მოხსნა.


ბაიდენმა უკვე გამოსცა არაერთი აღმასრულებელი ბრძანება პანდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად. მათ შორისაა ტესტირების მასშტაბების გაზრდა და ვაქცინაციის დაჩქარება. ასევე გაიზრდება დამცავი აღჭურვილობის, მათ შორის პირბადეების წარმოება. ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო გახდა ფედერალური მთავრობის კუთვნილ ტერიტორიაზე. ახალი ბრძანებით კი პირბადე სავალდებულო ხდება აეროპორტებში, თვითმფრინავებში, მატარებლებში და ავტობუსებშიც.

წინა ადმინიტრაციის პოლიტიკისაგან განსხვავებით, ბაიდენის გეგმა ვირუსთან გამკლავების პასუხისმგებლობის ცალკეული შტატების ხელისუფლებებისთვის დაკისრების ნაცვლად ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. ამისათვის შეიქნება საკოორდინაციო ოფისი და გაიზრდება ადგილობრივი მთავრობებისათვის ვირუსთან გასამკლავებლად გამოყოფილი დაფინანსება.

გეგმის მიხედვით, მიზანია 100 დღეში უსაფრთხოდ გაიხსნას სკოლები, სტადიონებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნას.

მათ, ვინც აშშ-ში გაემგზავრება დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, შემდეგ კი 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა.

პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ბაიდენმა ტრამპის არაერთი ბრძანება გააუქმა.

ვრცლად: აშშ WHO-ს არ დატოვებს, პარიზის შეთანხმებაში დაბრუნდება - ბაიდენმა 15 ბრძანებას მოაწერა ხელი

კომენტარები