რელიგიის თავისუფლება

EMC ბუკნარზე: მოვუწოდებთ მთავრობას, შექმნას სტრატეგია – დაიცვას თემის რელიგიის თავისუფლება

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. EMC სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მათივე შეფასებით, არცერთი მსგავსი შემთხვევის დროს სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ ჰქონია, რაც დაუსჯელობის წახალისებას იწვევს.

გუშინ, 12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურში, ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ძალადობის გამო 1 ადამიანი დააკავეს. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.

"სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს, სადაც ისინი გურიისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სხვადასხვა პერიოდში (პირველად 50-70 წლის წინ) დასახლდნენ. ამ დროისთვის ისინი ადგილობრივი თემის ნახევარს წარმოადგენენ. მუსლიმი თემი 2007 წლიდან ითხოვს მეჩეთის მშენებლობას სოფელში, თუმცა ისინი დაბრკოლებებს წააწყდა და მეჩეთის სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა. 

დაახლოებით 10 თვის წინ ადგილობრივმა თემმა სოფელში მუსლიმი მეზობლისგან, რომელიც წალკაში გადავიდა საცხოვრებლად კერძო სახლი შეიძინა და ამ სივრცეში მალევე რელიგიური პრაქტიკის აღსრულება დაიწყო. მუსლიმების თქმით, ისინი მინარეთის აღმართვას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მთელი ეს დრო მეზობელი ქრისტიანების "არგაღიზიანებას". თუმცა, მათი მხრიდან ლოცვის სივრცის ორგანიზებას ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება მოჰყვა". – წერს EMC.

EMC-ის ინფორმაციით, მუსლიმები ამბობენ, რომ ადგილობრივი ქრისტიანი თემის ზოგიერთი წარმომადგენელი მათ ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევს და აცხადებენ, რომ მუსლიმები ამ სოფელში "ჩამოსახლებულები" არიან, მათ მეჩეთის გახსნის უფლება „ქრისტიანულ მიწაზე“ არ აქვთ. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცნობით, კონფლიქტი ამ საკითხზე, დაახლოებით, 1 თვის წინ დაიყო და მას მეზობელ თემებს შორის ძირითადად სიტყვიერი შელაპარაკებისა და გარჩევის ფორმა ჰქონდა.  

"მეჩეთის გარშემო შექმნილი კონფლიქტის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმირებული იყო, თუმცა როგორც ჩანს მისი გადაჭრისთვის სათანადო ღონისძიებები არ მიუღია. მუსლიმი თემის განმარტებით, ჩოხატაურის მერმა ადგილობრივ თემებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და მეჩეთისთვის განკუთვნილი კერძო სახლის 3 მუსლიმის და 3 ქრისტიანის ერთობლივ საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია მისცა. ცხადია, ეს პირობა მუსლიმი თემისთვის მისაღები არ აღმოჩნდა". – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

EMC-ის ინფორმაციით, დღეს, 13 დეკემბერს, 12 საათზე დაგეგმილია ადგილობრივი თემის ლიდერების შეხვედრა გუბერნატორთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით. 

"როგორც ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, გამოვლენილ ინციდენტებში ორი ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება. 1. ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და 2. სალოცავი სივრცის ფუნქცინირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა, რომელიც მუსლიმი თემის შევიწროებისა და დევნის ინციდენტების ეფექტიან აღკვეთას საჭიროებს". – წერს ორგანიზაცია. 

EMC წერს, რომ კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება, შესაბამისად, გუშინ ადგილობრივი თვითმმათველობის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ლოცვა კანონით დადგენილი წესით და შეთანხმებით მოწყობილ საკულტო ნაგებობაში უნდა მოხდეს, EMC-ის შეფასებით,  სამართლებრივად ზუსტი და ადეკვატური არ არის. 

"უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური კონფლიქტების ჯაჭვი გამოვლინდა და ის დაფიქსირდა ნიგვზიანში (2012), წინწყაროში (2013), სამთაწყაროში (2013), ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), მოხესა (2014) და ადიგენში (2016). ყველა ამ კონფლიქტს საერთო სოციალური და კულტურული მიზეზები და კონტექსტები ჰქონდა. კონფლიქტი ეკომიგრანტი ოჯახებით დასახლებულ მულტირელიგიურ და ზოგჯერ მულტიეთნიკურ თემებში ხდებოდა, სადაც ადგილობრივ თემებს თანაცხოვრების საერთო მეხსიერება და ტრადიცია არ არსებობდა. ამასთან კონფლიქტები ძირითად ხელისუფლების ტრანზიციის, ან არჩევნების კონტექსტს ებმოდა და ადგილობრივი თემების მხრიდან რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის ახალი შესაძლებლობების არსებობის რწმენას და განცდას უკავშირდებოდა. ყველა შემთხვევაში ადგილობრივი ქრისტიანი თემის რიტორიკა ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის პარადიგმას ეფუძნებოდა და "ქართულ მიწაზე" ისლამის პრაქტიკის დაუშვებლობის ისლამოფობიურ/ზოგჯერ თურქოფობიურ სენტიმენტებზე იდგა. ეს რიტორიკა კიდევ უფრო მძიმედ ვლინდება ქართველი მუსლიმი თემის მიმართ, რომელიც ეთნიკურად ქართველია და სწორედ ამიტომ მათი ისლამური თვითიდენტიფიკაცია გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ჩარჩოსთვის ორმაგად მიუღებელი ხდება. 

აღნიშნული კონფლიქტების ანალიზი აჩვენებს, რომ არც ერთ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია, რაც მთლიანობაში დაუსჯელობის წახალისებას და ნორმალიზებას იწვევდა. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად პოლიცია უშუალოდ მონაწილეობდა ადგილობრივი მუსლიმი თემების წინააღმდეგ ორგანიზებულ მასშტაბურ ძალადობრივ ღონისძიებებში. სოფელ ჭელასა და სოფელ მოხეში შსს-მ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება დააორგანიზა, რასაც მინარეთის უკანონო მოჭრისა და ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის გამო ადგილზე მობილიზებული უკმაყოფილო მუსლიმი გლეხების ცემა და დაკავება მოჰყვა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კონფლიქტების ნაწილი ამ დრომდე გადაუჭრელია და მუსლიმი თემი ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების სათანადო რეალიზებას (მათ შორის, ქობულეთში, მოხეში, სამთაწყაროში). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში ამ დრომდე ჩანს გაუცხოებისა და უნდობლობის გამოცდილება, სახელმწიფოს არ მიუღია სპეციალური პოზიტიური ზომები, რომელიც ნდობის აღდგენის, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მულტიკულტურული გარემოს შექმნისკენ იქნებოდა მიმართული". –წერს EMC. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, სახელმწიფოს არასეკულარული და უთანასწორო პოლიტიკა არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებისთვის გამაუცხოებელ და გამრიყავ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს ქმნის, რომელიც ხელს უშლის თანასწორი, დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება მუსლიმ თემში ტრავმატულ მეხსიერებასა და გამოცდილებას ქმნის, რომელიც სოციალურ ფრუსტრაციას და მეორეხარისხოვან მოქალაქედ ყოფნის განცდას აძლიერებს. 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

  • მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.
  • გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის. 

ადგილობრივ თვითმმართველობას და მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელ აქტორებს: 

  • შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადგილობრივ თემში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით, რომელიც ერთი მხრივ, განუხრელად დაიცავს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებას და უპასუხებს მათ საჭიროებს სოფელში მეჩეთის სივრცის არსებობის შესახებ, და მეორე მხრივ კი ადგილობრივ თემებს შორის ნდობის აღდგენას, მშვიდობიან, სოლიდარულ და თანასწორ გარემოში გრძელვადიან თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს. 

"EMC გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას დაზარალებული პირების და ადგილობრივი მუსლიმი თემის სამართლებრივი ინტერესები და ასევე მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული პოზიტიური ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში". – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები