რელიგიის თავისუფლება

მინდიაშვილი: საპატრიარქოს მუშაობით დაინერგა წარმოდგენა, რომ ქართველი უდრის მართლმადიდებელს

ბუკნარში მეჩეთში ლოცვის აკრძალვისა და მუსლიმ ახალგაზრდებზე თავდასხმის შემთხვევა, ცხადია, კომპლექსურად უნდა იყოს შესწავლილი, ყველა დეტალი წვრილად გამოძიებული და მკაცრად დასჯილი ისინი, ვინც ძალადობასა და დისკრიმინაციაში მონაწილეობდნენ – ესაა პრევენციის ყველაზე მარტივი და გამოცდილი გზა.

მუსლიმების დევნისა და დისკრიმინაციის არც ერთი საქმე (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი, ადიგენი) გამოძიებული არაა, არავინაა პასუხისგებაში მიცემული. ყველა ეს საქმე ან შეწყვეტილია, ან გაუგებარი შინაარსისა და შედეგის მოლაპარაკებითაა დასრულებული. ხოლო ბათუმში დისკრიმინაციულადაა შეზღუდული ახალი მეჩეთის აშენების უფლება.

რატომ ხდება ასე? პასუხი კიდევ უფრო დიდ პრობლემაშია. "საქართველო ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფოა" – შარშან პრემიერ გახარიას ეს ანტიკონსტიტუციური სიტყვები, რეპლიკაციაა შეუწყნარებლობისა და უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული არგუმენტაციისა: "ეს ხომ ქრისტიანული მიწაა" და "ქართველი იგივე მართლმადიდებელია". ეს მიმართება ქართული პოლიტიკური და რელიგიური იდენტობის სახიფათო ვერგაგებისა და დამახინჯების შესახებ გვეუბნება.

ქართული სამოქალაქო ნაციონალიზმის მიხედვით, ქართველი არის ის, ვინც ერთი სახელმწიფოებრივი სივრცითა და დროითაა ურთიერთშეკავშირებული, მიუხედავად იმისა, როგორია მისი ეთნიკური წარმომავლობა, ენა თუ აღმსარებლობა. ესაა იდენტობის ის გაგება, რომლის საფუძველზეა დაშენებული თანამედროვე ქართული სახელმწიფოს კონსტიტუცია.

მაშინ რა არის იმის მიზეზი, რომ დღეს ქართული იდენტობის ყველაზე გავრცელებული ფორმულა ეთნიკურ-კონფესიური "მარკერებითაა" მონიშნული? ამ დამახინჯებაში, თავის დროზე, დიდი როლი შეასრულა ეროვნული მოძრაობის შოვინისტურმა რიტორიკამ, მაგრამ, ამის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს მიზანმიმართული მუშაობით ყველა დონეზე დაინერგა წარმოდგენა, რომ ქართველი უდრის მართლმადიდებელს.

როგორც ეროვნული მოძრობის, ასევე საპატრიაქროს ეს მიმართება არსებითად "ერეტიკულია" იმ გაგებით, რომ, ერთი მხრივ, ამოვარდნილია ტრადიციული ქართული, ასე ვთქვათ, ილიასეული ნაციონალიზმის პარადიგმიდან და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლური მოძღვრებიდან, რაკი მართლმადიდებლობა, როგორც ქრისტიანობის უნივერსული გაგება, დაუშვებელია, იყოს ეთნიკურობით განსაზღვრული.

რა შეიძლება ვიღონოთ საიმისოდ, რომ დავიბრუნოთ წართმეული იდენტობა, ანუ დავიბრუნოთ "ქართველობა"? უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, უნდა გავიაზროთ და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის აუცილებლობა, ადამიანის უნივერსალური უფლებები და ყველა დონის განათლება, ამ კუთხით, ილიას სამოქალქო იდენტობის პარადიგმას დავაფუძნოთ – იქნება ეს ისტორიის, ლიტერატურის, გეოგრაფიისა თუ სამოქალაქო განათლების სწავლება.

გარდა ამისა, მართლმადიდებლებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეკლესია, მართლმადიდებლობა არაა შეუწყნარებლობა, სიძულვილი, ძალადობა, ჩაგვრა, რომ მართლმადიდებლობა არაა საპატრიარქო თუ მამაო, არამედ ესაა იესო ქრისტეს სწავლება ადამიანისა და ღმერთის სიყვარულის შესახებ, რომელსაც საქართველოში ხორცი შეასხეს წმ. გიორგი მთაწმიდელმა, რუსთაველმა, ილიამ, ვაჟამ, წმ. გაბრიელ ქიქოძემ, წმ. ალექსანდრე ოქროპირიძემ, წმ, კირიონ საძაგლიშვილმა, წმ, გრიგოლ ფერაძემ, ანუ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ანალოგიურ ვითარებაში განსხვავებულის დაცვა ამჯობინეს შეუწყნარებლობას და ასე გამოავლინეს ქრისტიანობაც და პატრიოტიზმიც.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კომენტარები