აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს შეატყობინებს მისი განზრახვის შესახებ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს იემენელი ჰუსიტების მოძრაობა.
"ასევე ვაპირებ გლობალურ ტერორისტთა სიაში შევიყვანო ანსარ ალაჰის (ჰუსიტები) სამი ლიდერი, აბდულ მალიქ ალ-ქუსი, აბდ ალ-ხალიკ ბადრ ალ-დინ ალ-ჰუსი და აბდულა იაჰია ალ ჰაქიმი". - ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით ამ ნაბიჯის მიზანია ანსარ ალაჰმა პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტებზე.
"მათ აწარმოეს სასტიკი კამპანია, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღემდე იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში და იემენელებს საშუალებას არ აძლევს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაჭრან". - ნათქვამია განცხადებაში.
პომპეოს გადაწყვეტილება მოჰყვა 30 დეკემბრის თავდასხმას იემენის ქალაქ ადენის აეროპორტზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუდის არაბეთის კოალიციამ თავდასხმაში სწორედ ჰუსიტები დაადანაშაულა.
იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო.
2014 წელს, ჰუსიტი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი და დედაქალაქის დაკავების შემდეგ პრეზიდენტი ჰადი ჯერ ქალაქ ადენში გაიქცა, შემდეგ კი საუდის არაბეთში. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო. მათ ჰადის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. დედაქალაქ სანას ამ დრომდე ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ. მათ მხარს ირანი უჭერს. ჰუსიტებს აშშ-მ უკვე დაუწესა სანქციები. საქველმოქმედო ორგანიზაციები ანსარ ალაჰის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად იძულებული არიან ჰუსიტებთან ითანამშრომლონ.
მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მათი შეშფოთების ესმით და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და გაეროსთან ერთად იმუშავებენ ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებისათვის.
კონგრესისათვის შეტყობინების შემდეგ კანონმდებლებს ერთი კვირა ექნებათ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ და აშშ-ს ეს ქმედება პოლიტიკურ ნაბიჯად და კონფლიქტში საუდის არაბეთის კოალიციის მხარდაჭერად აღიქმება, რაც მომავალში მის დიპლომატიურ გადაჭრას გაართულებს. მსგავსი მოსაზრება გამოთქვეს პომპეოსადმი მიწერილ ღია წერილში ამერიკელმა დიპლომატებმა, რომელთა შორის იყო იემენში აშშ-ს 6 ყოფილი ელჩი.
2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 112,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 12,600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის მიხედვით, კონფლიქტის განმავლობაში შიმშილით 80,000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. 2017-2018 წლებში კი ქვეყანაში ქოლერა გავრცელდა, რასაც 2,556 ადამიანი ემსხვერპლა.