კაპიტოლიუმზე თავდასხმა

აშშ-ში დააპატიმრეს მოქალაქე, რომელმაც კაპიტოლიუმიდან სპიკერის კათედრა გაიტაცა

აშშ-ში დააპატიმრეს 36 წლის ადამ ჯონსონი, რომელიც იმ პირებს შორის იყო, ვინც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა. სწორედ ჯონსონმა გაიატაცა კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის კათედრა. 

ჯონსონის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია ფლორიდის ადგილობრივმა ტელევიზიამ, WTSP-მ გაავრცელა. ტელევიზიის ინფორმაციით, ჯონსონი ფედერალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძლევლზე დააკავეს და ამ დროისთვის იგი პინელასის ციხეშია მოთავსებული. 

პინელასის შერიფის ოფისის ცნობით, ჯონსონმა მონაწილეობა მიიღო 2020 წლის არჩევნებში, თუმცა არ დაუკონკრეტებია პარტიული კუთვნილება. აქამდე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ჯონსონმა ბოლოს 2004 წელს მისცა.

ჯონსონის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე დააპატიმრეს არკანზასელი რიჩარდ ბარნეტი. სწორედ ბარნეტი შეიჭრა ნენსი პელოსის კაბინეტში, ამის ამსახველი ფოტო მედიაში გავრცელდა. 

არეულობა აშშ-ს დედაქალაქში 6 იანვარს იმ დღეს დაიწყო, როდესაც კონგრესს არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნდა გამხდარიყო. არჩევნების შედეგებს არ ცნობდა დონალდ ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტის თქმით, არჩევნები გაყალბდა და მას გამარჯვება წაართვეს. 

6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეებმა ვაშინგტონში მიტინგი მოაწყვეს, რის შემდეგაც კაპიტოლიუმის შენობისკენ დაიძრნენ. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი და შეიჭრნენ შენობაში. ამის შემდეგ საჭირო გახდა ნენსი პელოსისა და მაიკ პენსის ევაკუაცია. 

არეულობის შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელიც. 

კომენტარები