ანტისემიტიზმი ეკლესიაში

ისრაელის ელჩი მოუწოდებს მთავრობასა და პატრიარქს დაგმონ "გადმონთხეული" ანტისემიტიზმი

რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი, საეკლესიო ამბიონიდან წარმოთქმული კიდევ ერთი ანტისემიტური ქადაგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

"ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.

როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზე სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური,.

მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებლად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.

30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფვის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.

2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.

მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამისა, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.

როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: "ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში", - წერს ელჩი.

 

ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. 

ქადაგებაში დეკანოზი ილია გამოეხმაურა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის გამოც ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან".

დეკანოზი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი ფაქტებს ამბობდა და ამის გამო მას ანტისემიტიზმი დასწამეს. 

"მაგალითად, მე რომ წავიკითხო აბელის წინასწარმეტყველება. აბელს უწერია, ურიები დაგესლავენო რუსეთსო და ფაქტია, რომ ეს ასეა, კაცო. ამიტომ არის, რომ მსოფლიო პროცესს თუ გადახედავთ... როგორც წერია, ანტიქრისტე რომ მოდის, ეშმაკი, ის ქრისტეს მტერია, ქრისტეს ებრძვის და ამიტომ გებრძვის შენ. 

ბევრ წყაროებში ვხედავთ ჩვენ, მაგალითად, ლენინი ვინ იყო? ტროცკი ვინ იყო? ზინოვიევი ვინ იყო? სვედლოვი ვინ იყო? გადახედეთ, ასეთი დოკუმენტური ფილმია სტალინზე "მესიის მახვილი". 28 დაჯგუფება იყო და 28 დაჯგუფებაშივე მთლიანად ებრაელები იყვნენ, რომლებმაც რევოლუცია მოაწყვეს". – ამბობს დეკანოზი ქადაგებაში. 

მღვდელი მრევლს მოუწოდებს, გადახედოს, ვის ხელშია დღეს "მთელი ბანკური სისტემა" და იხსენებს, რომ ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, მთელი "ბანკური სისტემა" ერთი მეთაურის ხელში იყო. 

"ეს ძალიან კარგი არის, როგორ უნდოდათ [სავარაუდოდ, ხელში ჩაგდება. გარკვევით არ ისმის]... სტალინის ხელში ვერ მოახერხეს, იმხელა გენია იყო ამ საქმეში და მერე და მერე დაიპყრეს რუსეთიც. დღეს საქართველოც დაპყრობილია. რუსეთიც დაპყრობილია. ოფშორული ფული, გაიგეთ, რა არის. 

თუ ადრე დაგიპყრობდა სახელმწიფო და კოლონია იყავი მისი, ტაქტიკა შეიცვალა ახლა. ამის სათავეებში ვინ არის, გადახედეთ. ის ძალები, რომლებიც აფინანსებენ, ამაზეა საუბარი და ჩვენ თუ გამოვედით და ვუთხარით ვინმეს...

ამგენის ხელშია დღეს ფინანსური ბერკეტები. ჩვენ როცა ვსაუბრობთ გინდა ქართველებზე, გინდა სხვა მოძმე და განსაკუთრებით ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ებრაელებთან, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ცოტა შენ გიჭირდა და ჩვენ ჩაგიხუტეთ, შენ უნდა გესმოდეს, რომ არ უნდა გააკეთო ასე, სულხან-საბას იგავივით, კუ და მორიელივით". – თქვა დეკანოზმა. 

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილის მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზე.

 

კომენტარები