ანტისემიტიზმი ეკლესიაში

მეუფე იოანე მისივე ეპარქიის მღვდლის ქადაგებაზე: გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით

მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

ქუთაის-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, მისივე დაქვემდებარებაში მყოფი მღვდლის, ილია კარკაძის ქადაგებას ეხმაურება და მას "ანტისემიტური პათოსისას" უწოდებს.

"ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზის ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. მან მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია სწორად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულიბით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას". - წერია მიტროპოლიტ იოანეს განცხადებაში. 

ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. 

ქადაგებაში დეკანოზი ილია გამოეხმაურა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის გამოც ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან".

დეკანოზი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი ფაქტებს ამბობდა და ამის გამო მას ანტისემიტიზმი დასწამეს. 

"მაგალითად, მე რომ წავიკითხო აბელის წინასწარმეტყველება. აბელს უწერია, ურიები დაგესლავენო რუსეთსო და ფაქტია, რომ ეს ასეა, კაცო. ამიტომ არის, რომ მსოფლიო პროცესს თუ გადახედავთ... როგორც წერია, ანტიქრისტე რომ მოდის, ეშმაკი, ის ქრისტეს მტერია, ქრისტეს ებრძვის და ამიტომ გებრძვის შენ. 

ბევრ წყაროებში ვხედავთ ჩვენ, მაგალითად, ლენინი ვინ იყო? ტროცკი ვინ იყო? ზინოვიევი ვინ იყო? სვედლოვი ვინ იყო? გადახედეთ, ასეთი დოკუმენტური ფილმია სტალინზე "მესიის მახვილი". 28 დაჯგუფება იყო და 28 დაჯგუფებაშივე მთლიანად ებრაელები იყვნენ, რომლებმაც რევოლუცია მოაწყვეს". – ამბობს დეკანოზი ქადაგებაში. 

მღვდელი მრევლს მოუწოდებს, გადახედოს, ვის ხელშია დღეს "მთელი ბანკური სისტემა" და იხსენებს, რომ ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, მთელი "ბანკური სისტემა" ერთი მეთაურისხელში იყო. 

"ეს ძალიან კარგი არის, როგორ უნდოდათ [სავარაუდოდ, ხელში ჩაგდება. გარკვევით არ ისმის]... სტალინის ხელში ვერ მოახერხეს, იმხელა გენია იყო ამ საქმეში და მერე და მერე დაიპყრეს რუსეთიც. დღეს საქართველოც დაპყრობილია. რუსეთიც დაპყრობილია. ოფშორული ფული, გაიგეთ, რა არის. 

თუ ადრე დაგიპყრობდა სახელმწიფო და კოლონია იყავი მისი, ტაქტიკა შეიცვალა ახლა. ამის სათავეებში ვინ არის, გადახედეთ. ის ძალები, რომლებიც აფინანსებენ, ამაზეა საუბარი და ჩვენ თუ გამოვედით და ვუთხარით ვინმეს...

ამგენის ხელშია დღეს ფინანსური ბერკეტები. ჩვენ როცა ვსაუბრობთ გინდა ქართველებზე, გინდა სხვა მოძმე და განსაკუთრებით ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ებრაელებთან, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ცოტა შენ გიჭირდა და ჩვენ ჩაგიხუტეთ, შენ უნდა გესმოდეს, რომ არ უნდა გააკეთო ასე, სულხან-საბას იგავივით, კუ და მორიელივით". – თქვა დეკანოზმა. 

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

გუშინ, 4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილის მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზე.

კომენტარები