აშშ-ს არჩევნები

კინზინგერი პრეზიდენტის უფლებამოსილების მაიკ პენსისთვის გადაცემას უჭერს მხარს

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

ადამ კინზინგერი პირველი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელმაც აშშ-ს კონსტიტუციის 25-ე შესწორების საფუძველზე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პანსისთვის გადაცემა მოითხოვა.

კინზინგერის პოზიცია უკავშირდება 6 იანვარს კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდაჭერების შეჭრას, რომელიც კონგრესმენმა გადატრიალების მცდელობად შეაფასა.  

"ეს პრეზიდენტმა გამოიწვია. პრეზიდენტი არის შეუფერებელი და ახლა პრეზიდენტმა უნდა დათმოს აღმასრულებელი შტოს კონტროლი ნებაყოფლობით ან იძულებით". - ამბობს კინზინგერი Twitter-ზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში. 

ადამ კინზინგერმა აღნიშნა, რომ სხვა ადმინისტრაციების დროს კონსტიტუციის 25-ე შესწორება ამოქმედებულა, როდესაც პრეზიდენტი ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა და ძალაუფლება დროებით ვიცეპრეზიდენტზე გადასულა, "იმიტომ, რომ ასეთ დროსაც კი გემის უკაპიტნოდ დატოვებას, შესაძლოა, კატასტროფა გამოეწვია".

კონგრესმენი ამბობს, რომ ტრამპმა "უარყო თავისი მოვალეობა" დაეცვა ამერიკელები და "წააქეზა" ამბოხი, არცთუ დაბეჯითებით დაგმო ძალადობა, რამაც, კონგრესმენის შეფასებით, წააქეზა ტრამპის მხარდამჭერები.

"ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი დაშორდა არა მხოლოდ თავის მოვალეობებს და ფიცს, არამედ რეალობასაც კი. ამ მიზეზით მოვუწოდებ ვიცეპრეზიდენტსა და კაბინეტის წევრებს, უზრუნველყონ მომავალი რამდენიმე კვირის უსაფრთხოება ამერიკელი ხალხისთვის და უზრუნველყონ, რომ გემს საღად მოაზროვნე კაპიტანი ჰყავდეს". - თქვა კინზინგერმა

კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედების შემთხვევაში მე-4 მუხლი საშუალებას მისცემს ვიცეპრეზიდენტს და კაბინეტის წევრების უმრავლესობას, ხმა მისცენ, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი ორი კვირის გასვლამდე პრეზიდენტის მოვალეობები ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა შეასრულოს.

6 იანვრის საღამომდე ვიცეპრეზიდენტს კონგრესის ათობით დემოკრატმა წევრმა მოუწოდა, აემოქმედებინა კონსტიტუციის 25-ე შესწორება. ადამ კინზინგერი პირველი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელმაც ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს იწურება. აშშ-ს კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცეპრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.

6 იანვარს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.

მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა, ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.

სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ჯორჯიის სენატორი კელი ლოფლერი, რომელიც 5 იანვრას გამართული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. პროტესტს მხარი არ დაუჭირა ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიური მხარდამჭერმა ლინდსი გრემმაც.

"ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, ის არის, რომ მე არ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად, რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.

კომენტარები