კაპიტოლიუმზე თავდასხმა

ბოკერია: აშშ-ში ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება – მინდა დავამშვიდო, ვინც ღელავს

 "აშშ-ში ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება – მინდა დავამშვიდო, ვინც ღელავს". - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.

"მინდა გამოვეხმაურო ნებით თუ უნებლიეთ, სიბრიყვით, ნიანგის ცრემლებით თუ გულწრფელი განცდების გამო იმ ხალხს, ვინც პუტინის პროპაგანდას არის აყოლილი და დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს - აშშ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, რომ აშშ-ში ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში დარჩება საქართველოს, ქართველი ხალხის თავისუფლების მხარდამჭერად". - ამბობს გიგა ბოკერია.  

ბოკერია სენატორი შაჰინის განცხადებასაც გამოეხმაურა. ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ჩვენი რეგიონის კონტექსტში ის, რაც 2012 წელს მოხდა - ძალაუფლების მშვიდად გადაცემა მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო. შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობაზე საუბრისას 2012 წლის საქართველო ახსენა. 

6 იანვარს აშშ-ს კონგრესი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად და ახალი პრეზიდენტის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, თუმცა კონგრესის მუშაობას შენობაში შეჭრილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი. 

კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა დაპირისპირება, ისმოდა სროლის ხმაც. საბოლოოდ პოლიციამ გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სივრცეები შენობაში, გამოცხადდა კომენდანტის საათი, ადგილზე მივიდა ნაციონალური გვარდიაც. გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. 

კომენტარები