კაპიტოლიუმზე თავდასხმა

გიგა ბოკერია სენატორი შაჰინის განცხადებას ეხმაურება

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სენატორი შაჰინის განცხადებას ეხმაურება. შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობაზე საუბრისას 2012 წლის საქართველო ახსენა. 

ბოკერიას თქმით, ჩვენი რეგიონის კონტექსტში ის, რაც 2012 წელს მოხდა - ძალაუფლების მშვიდად გადაცემა - მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო.

"ამერიკულ კონტექსტს თავი დავანებოთ, ის სხვა კონტექსტია, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოს კონტექსტში, ჩვენი რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის ამ ნაწილის, პუტინის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების კონტექსტში, 2012 წელს რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანა და, პირველ რიგში, საზოგადოება, მივიდა აქამდე, რომ მოხდა არა მარტო მშვიდობიანი, არამედ მთლიანად კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ხელისუფლების გადაბარება სწრაფად, მეორე დილას, წაგებულის მხრიდან აღიარებით და მილოცვით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საქართველოში. იმ მომენტისთვის, მიუხედავად იმისა, ვინ მოიგო. 

კატასტროფულად სამწუხაროა ის, რაც ივანიშვილმა და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვამ მერე გააკეთა. ამ ფუნდამენტზე დაშენებით ეს ქვეყანა წინ წაყვანის ნაცვლად, წაიყვანა უკან და დაგვაყენა ისევ იმ საფრთხის და კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე - აზრი აქვს თუ არა არჩევნებს ზოგიერთის აზრით. მე ვთვლი, რომ, რა თქმა უნდა, აქვს". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ამერიკის დედაქალაქში კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული არეულობის შემდეგ, კონგრესის განახლებულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სენატორმა შაჰინმა საქართველოზეც ისაუბრა

"არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც ის პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა იმისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე". - თქვა სენატორმა შაჰინმა. 

6 იანვარს აშშ-ს კონგრესი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად და ახალი პრეზიდენტის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, თუმცა კონგრესის მუშაობას შენობაში შეჭრილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი. 

კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა დაპირისპირება, ისმოდა სროლის ხმაც. საბოლოოდ პოლიციამ გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სივრცეები შენობაში, გამოცხადდა კომენდანტის საათი, ადგილზე მივიდა ნაციონალური გვარდიაც. გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. 

კომენტარები