სენატორმა შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაზე საუბრისას 2012 წლის საქართველო ახსენა

ჯინ შაჰინი

ამერიკის დედაქალაქში კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული არეულობის შემდეგ, კონგრესის განახლებულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სენატორმა შაჰინმა საქართველოზეც ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.

შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მნიშვნელობაზე საუბრისას 2012 წლის საქართველოს მაგალითი მოიყვანა. შაჰინი იხსენებს, რომ არჩევნების მეორე დღეს, მასთან შეხევედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა უნდა მომხდარიყო.

"არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს, შესაძლოა, ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.

არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც ის პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, იქნებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იმისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

 

აშშ-ს კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების სერტიფიკაციის პროცესი გაგრძელდა.

რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი კვლავ ცდილობს, ხელი შეუშალოს ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას. ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა შტატის საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემულ ხმებს და კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც არჩევნების გაყალბების საკითხს შეისწავლის, თუმცა ამისათვის სჭირდებათ როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის უმრავლესობის მხარდაჭერა და მათი ყველა მცდელობა ამ დროისთვის უშედეგოდ დასრულდა. წარმომადგენელთა პალატაში არიზონის შტატის ხმების გაპროტესტება 303 ხმით 121-ის წინააღმდეგ ჩავარდა, სენატში კი 93 ხმით 6-ის წინააღმდეგ. 92 ხმით 7-ის წინააღმდეგ ჩავარდა პენსილვანიის შტატის ხმების გაპროტესტება.

სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ჯორჯიის სენატორი კელი ლოფლერი, რომელიც 5 იანვრას გამართული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. პროტესტს მხარი არ დაუჭირა ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიური მხარდამჭერმა ლინდსი გრემმაც.

"ერთადერთი, იმის თქმაც შემიძლია, რომ მე არ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.

კომენტარები