აშშ-ს ბიუჯეტი

ტრამპმა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ეკონომიკური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპი
teletrader

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც პანდემიით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ტრამპი ამბობდა, რომ კანონპროექტს ხელს არ მოაწერდა და მასში შესწორებების შეტანას ითხოვდა. მას სურდა სხვა ქვეყნების დასახმარებლად, ასევე მუზეუმებისა და თეატრებისათვის გამოყოფილი ხარჯების შემცირება და ამერიკელებისათვის მისაცემი ერთჯერადი დახმარების გაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი კანონპროექტს ხელს არ მოაწერდა, მოსალოდნელი იყო მთავრობის ნაწილობრივ დახურვა. ხელმოწერის გაჭიანურების გამო ამერიკელების ნაწილს უმუშევრობის დახმარება დროებით შეუჩერდა, თუმცა კანონის ძალაში შესვლისთანავე აღუდგება.

ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისი მხრიდან მკაფიო გზავნილია კონგრესისადმი, რომ ის პუნქტები, რომლებიც მფლანგველურად მიაჩნია, ამოიღონ.

ხელმოწერის გაჭიანურების გამო ტრამპი აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა:

"შობის შემდეგი დღეებია და მილიონობით ოჯახმა არ იცის შეძლებენ თუ არა თავის რჩენას, იმიტომ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს ამბობს, ხელი მოაწეროს კონგრესის მიერ დამტკიცებულ ეკონომიკური დახმარების პაკეტს". – თქვა მან და ტრამპი ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

კონგრესის მიერ დამტკიცებული 900 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტში შედის 600 აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ამერიკელების უმეტესობა მიიღებს. ასევე, კვირაში დამატებით 300 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა.

სუბსიდიებს მიიღებს პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესი. პაკეტში გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ($82 მილიარდი), თეატრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ($15 მილიარდი) და იმ პირებისათვის, ვისაც ქირის გადაუხდელობის გამო გასახლება ემუქრება ($25 მილიარდი). დახმარების პაკეტი 11 კვირაზეა გათვლილი.

პაკეტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. დემოკრატიულ პარტიას სურდა, დახმარების პაკეტი თითქმის ორჯერ დიდი ყოფილიყო, თუმცა მათ პროექტს რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

პანდემიის დაწყების შემდეგ კონგრესმა უკვე არაერთი მსგავსი დახმარების პაკეტი მიიღო. მათ შორის იყო მარტში CARES აქტის ფარგლებში გამოყოფილი 1.8 მილიარდი აშშ დოლარი.

დახმარების პაკეტი აშშ-ს ახალი ბიუჯეტის ნაწილია, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია 4 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა სხვა ქვეყნებისათვის, მათი მოსახლეობის ვაქცინაციაში დასახმარებლად.

დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის მიერ დამტკიცებულ აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტს. 

ვეტოს მიზეზად მან დაასახელა პუნქტები, რომლითაც იზღუდება ავღანეთიდან და ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა და ასევე ჩნდება ამერიკული სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების ლიდერების სახელების შეცვლის შესაძლებლობა.

ტრამპს ასევე სურს, კანონპროექტში მოხსენიებული იყოს სოციალური მედიის კომპანიები, კერძოდ, მათ მოეხსნათ გარკვეული პასუხისმგებლობისგან დაცვის მექანიზმები.

კანონმდებლებს პრეზიდენტის ვეტოსთვის გვერდის ავლა შეუძლიათ, თუ კანონპროექტს მხარს კონგრესის ორივე პალატის 2/3 დაუჭერს.

თუ ეს არ მოხდება, პირველი შემთხვევა იქნება ბოლო 60 წლის განმავლობაში, როდესაც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კანონად არ იქცევა.

კომენტარები