დახმარების პაკეტი

ტრამპი კონგრესისგან $900 მილიარდიანი დახმარების პაკეტის შესწორებას ითხოვს

დონალდ ტრამპი
USnews.com

აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს პანდემიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებელი $900 მილიარდიანი პაკეტის შესწორებას სთხოვს.

ტრამპის თანახმად, დახმარების პაკეტი "სამარცხვინო" და "მფლანგველურია". პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პაკეტი COVID-ით გამოწვეულ ზარალს უნდა ანაზღაურებდეს, მაგრამ თითქმის არ ეხება COVID-ს.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა სხვა ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი თანხის ოდენობა და აღნიშნა, რომ ფული ამერიკის მოქალაქეებს უნდა მოხმარდეს. პაკეტის ფარგლებში ამერიკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი $600-იანი დახმარებაა გათვალისწინებული.

"ამ კანონპროექტში გამოყოფილია $85.5 მილიონი კამბოჯის დახმარებისთვის, $134 მილიონი ბურმისთის,  $1.3 მილიარდი ეგვიპტისა და ეგვიპტის არმიისთვის, რომელიც შემდეგ თითქმის ექსკლუზიურად რუსულ სამხედრო აღჭურვილობას იყიდის, $25 მილიონი დემოკრატიული და გენდერული პროგრამებისთვის პაკისტანში, $505 მილიონი ბელიზისთვის, კოსტა რიკისთვის, ელ სალვადორისთის, გვატემალასთვის, ჰონდურასისთვის და პანამასთვის". – თქვა ტრამპმა.

კონგრესმა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვაშინგტონში მუზეუმებისთვის გამოყოფილი $1 მილიარდი დოლარი და კენედის ცენტრისთვის კულტურული კომპლექსისთვის გათვალისწინებული $40 მილიონი იმ პერიოდში, როცა ცენტრი დახურულია.

"კონგრესი გამოყოფს საკმარისად ბევრ ფულს სხვა ქვეყნებისთვის, ლობისტებისთის, სპეციალური ინტერესებისთვის, მაშინ, როცა მინიმუმს უგზავნის ამერიკელ ხალხს, რომელსაც ეს სჭირდება. ეს მათი ბრალი არ არის. ეს ჩინეთის ბრალია... ვთხოვ კონგრესს, შეასწოროს ეს კანონპროექტი და გაზარდოს $600-იანი დახმარება 2000$-მდე ან $4000-მდე წყვილისთვის" . – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა კონგრესს ასევე მოსთხოვა, ამოეღოთ დახმარების პაკეტიდან არასაჭირო და "მფლანგველური" პუნქტები. ტრამპის თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარების პაკეტის დამტკიცება მომავალ ადმინისტრაციას მოუწევს.

დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად დახმარების პროექტი ჯერ არ მიუღია, თუმცა, თუ პრეზიდენტი პაკეტს ვეტოს დაადებს და ხელს არ მოაწერს, აშშ-ს მთავრობას, შესაძლოა, მუშაობის შეწყვეტა მოუხდეს, ვინაიდან დახმარების პაკეტი მიმაგრებულია $1.4 ტრილიონთან, რომელიც მომავალი 9 თვის განმავლობაში ფედერალური სააგენტოების ბიუჯეტისთვისაა გამოყოფილი.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერებმა დახმარების პროექტს კენჭი 21 დეკემბერს უყარეს. მასში შედის, 600 აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარების გარდა, კვირაში დამატებით 300 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა.

სუბსიდიებს მიიღებს პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესი. პაკეტში გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ($82 მილიარდი), თეატრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ($15 მილიარდი) და იმ პირებისათვის, ვისაც ქირის გადაუხდელობის გამო გასახლება ემუქრება ($25 მილიარდი). დახმარების პაკეტი 11 კვირაზეა გათვლილი.

პაკეტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. დემოკრატიულ პარტიას სურდა, დახმარების პაკეტი თითქმის ორჯერ დიდი ყოფილიყო, თუმცა მათ პროექტს რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

დახმარების პაკეტის კონგრესის მიერ დამტკიცებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი. მან თქვა, რომ მოხარულია, რომ კონგრესმა შეძლო ორპარტიული პროექტის დამტკიცება და ეს მხოლოდ დასაწყისია პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის გზაზე.

წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს, დახმარების სხვა პროექტებიც დამტკიცდება.

კომენტარები