აშშ

ტრამპმა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი, ყოფილი მრჩეველი და სიძის მამა შეიწყალა

როჯერ სტოუნი, პოლ მანაფორტი, ჩარლზ კუშნერი

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2016 წელს მისი წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი პოლ მანაფორტი, ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და მისი სიძის, ჯარედ კუშნერის მამა, ჩარლზ კუშნერი შეიწყალა.

მანაფორტს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში 2018 წელს 7.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედებოდა თაღლითობა და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში მანაფორტი საპატიმროდან სახლში გადაიყვანეს, თუმცა ტრამპის შეწყალების შემდეგ ის შინაპატიმრობიდანაც თავისუფალია.

როჯერ სტოუნს WikiLeaks-თან კავშირის მცდელობებზე კონგრესის მოტყუებისა და მოწმეებზე ზეწოლისთვის 40 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ტრამპმა სასჯელი მიმდინარე წლის ივლისშიც შეუმსუბუქა.

რაც შეეხება ტრამპის ქალიშვილის ივანკა ტრამპის მეუღლის, ჯარედ კუშნერის მამას, ის უძრავი ქონების ბიზნესში მოღვაწეობდა და 2004 წელს გადასახადებისათვის თავის არიდების, მოწმეებზე ზეწოლის და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს. რაც მოწმეებზე ზეწოლაში ჩარლზ კუშნერი დამნაშავედ სცნეს იმიტომ, რომ სიძის, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან თანამშრომლობდა, შესაცდენად სექს-მუშაკი დაიქირავა და სურდა ჩანაწერი საკუთარი დისთვის გაეგზავნა. მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საიდანაც ციხეში მხოლოდ 14 თვე გაატარა. კუშნერს აეკრძალა ნიუ ჯერსიში, ნიუ იორკსა და პენსილვანიაში საქმიანობა.

პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე ტრამპმა სულ 29 ადამიანი შეიწყალა. მათგან 3-ს სასჯელი შეუმსუბუქდა, 26 კი გათავისუფლდა. მათ შორის იყვნენ აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული კიდევ 2 პირი, 3 ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი და კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის 4 კონტრაქტორი.

ნოემბერში ტრამპმა შეიწყალა ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინიც, რომელიც ასევე არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში იყო დაკავებული. ფლინმა აღიარა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ატყუებდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს არ შეუწყალებია მანაფორტის მოადგილე რიკ გეითსი და ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი. ორივე მათგანი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

კომენტარები