აშშ

დონალდ ტრამპმა აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებული 2 პირი შეიწყალა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის ფარგლებში 15 ადამიანი შეიწყალა და 5-ს განაჩენი შეუმსუბუქა.

შეწყალებულებს შორის არიან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებული 2 პირი. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი, ჯორჯ პაპადოპულოსი და ალექს ვან დერ ცვაანი. ცვაანი რუსი ბიზნესმენის,  გერმან ხანის, სიძეა. ორივეს რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში FBI-ისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ედებოდა ბრალი.

პაპადოპულოსი 2018 წლის სექტემბერში გაასამართლეს. მან FBI-ს ცრუ ჩვენება მისცა რუს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ ადამიანებთან კონტაქტებზე. პროკურორ რობერტ მიულერის ანგარიშის თანახმად, პაპადოპულოსი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბრიტანელ პროფესორთან ჯოზეფ მიფსუდთან, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირები ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან. ჯორჯ პაპადოპულოსმა გამოძიებას უთხრა, რომ რუსეთთან დაკავშირებულ პირებს დონალდ ტრამპის კამპანიაზე მუშაობამდე შეხვდა, მაშინ, როცა სინამდვილეში შეხვედრები კამპანიის დაწყების შემდეგ შედგა. პაპადოპულოსმაც და ცვაანმაც ბრალი აღიარეს.

ამნისტია ასევე შეეხო კერძო სამხედრო კომპანიის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც 2007 წელს ერაყში მასობრივ მკვლელობის საქმესთან იყვნენ დაკავშირებულები და ორ ყოფილ კონგრესმენს.

Blackwater-ის თანამშრომლებს 2007 წელს, სროლის დროს, ბაღდადში 14 ერაყელის მოკვლისთვის ბრალი 2014 წელს დაუმტკიცდათ. 

რაც შეეხება კონგრესმენებს, ნიუ-იორკის ყოფილმა კონგრესმენმა კრისტოფერ კოლინსმა 2019 წელს აღიარა ბრალი ინსაიდერული ინფორმაციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. მას 26 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კალიფორნიის კონგრესმენ დანკან ჰანტერს კი 11 თვე ჰქონდა მისჯილი საარჩევნო კამპანიის ფინანსური ფონდის არამიზნობრივად გამოყენებისთვის.

​ნოემბერში დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი, შეიწყალა. ფლინი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტს 2017 წლის 20 იანვრიდან 13 თებერვლამდე იკავებდა და თანამდებობა რუსეთის ელჩთან შეხვედრის და ამის შესახებ ტყუილის გამო დატოვა.

ფლინმა აღიარა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მოატყუა, თუმცა სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის თქმით, მან გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის კავშირის შესახებ.

კომენტარები