აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა ფიგურამ, მიტჩ მაკკონელმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აღიარა და მას მიულოცა.
სენატში სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ განსხვავებული შედეგების იმედი ჰქონდა, თუმცა საარჩევნო კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო.
"ამიტომ, დღეს მსურს, მივულოცო არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს". – თქვა მან.
მაკკონელმა მიულოცა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისსაც:
"ყველა ამერიკელს შეუძლია იამაყოს, რომ ჩვენს ქვეყანას პირველი არჩეული ქალი ვიცეპრეზიდენტი ჰყავს". – თქვა მან.
ჯო ბაიდენმა მოგვიანებით თქვა, რომ მაკკონელს ტელეფონით ესაუბრა და მილოცვისათვის მადლობა გადაუხადა. მის კომენტარს მიესალმება კამალა ჰარისიც, თუმცა ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა ბაიდენის გამარჯვების აღიარება უფრო ადრე მომხდარიყო.
ბაიდენს გამარჯვება მიულოცეს იმ ლიდერებმაც, რომლებიც ამ დრომდე უარს ამბობდნენ კომენტარი გაეკეთებინათ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მათ შორის იყვნენ რუსეთის, ბრაზილიისა და მექსიკის პრეზიდენტები.
დონალდ ტრამპი კვლავ უარს ამბობს დამარცხების აღიარებაზე და განაგრძობს არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე საუბარს. სენატის უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა მას მოუწოდა, ღირსეულად დაასრულოს საპრეზიდენტო ვადა:
"დემოკრატიისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისათვის მან უნდა შეწყვიტოს არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელება და აღიაროს, რომ შემდეგი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება". – თქვა მან.
6 იანვარს გაიმართება კონგრესის გაერთიანებული სხდომა, სადაც კოლეგიის არჩევანს დაამტკიცებენ. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ შეუდგება ის ოფიციალურად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
გასულ თვეს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრ სახლს დატოვებდა, თუ საარჩევნო კოლეგია ბაიდენს ოფიციალურად აირჩევდა პრეზიდენტად.
ჯო ბაიდენი ამჟამად ჯორჯიის შტატს სტუმრობს, სადაც ორი სენატორის ასარჩევად მეორე ტური 5 იანვარს უნდა გაიმართოს.
3 ნოემბრის არჩევნებში აშშ-ში 35 ახალი სენატორი და წარმომადგენელთა პალატის ახალი შემადგენლობა აირჩიეს. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ შეინარჩუნა.
სენატის ბედი კი ჯორჯიის შტატში გადაწყდება. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას 50 ადგილი აქვს, დემოკრატიულს კი – 48. უმრავლესობისთვის 51 ადგილია საჭირო. თანაბარი ადგილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტს აქვს და ამიტომ, თუ ჯორჯიაში დემოკრატიული პარტიის ორივე კანდიდატი გაიმარჯვებს, უპირატესობა სწორედ მათ ექნებათ.
3 ნოემბერს ჯორჯიაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება. ჯორჯიაში სულ ორი სენატორი უნდა აირჩიონ, რადგან სპეციალური არჩევნებიც იყო დანიშნული სენატორ ჯონი აიზეკსონის გადადგომის გამო. მის მოვალეობას კელი ლოფლერი ასრულებდა. ის სენატის არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა ხმების 26%-ით. პირველ ადგილზე დემოკრატი რაფაელ ვარნოკია 33%-ით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლოფლერმა რესპუბლიკელთა ამომრჩევლების ხმების ნაწილი იმის გამო დაკარგა, რომ კენჭს მასთან ერთად პარტიიდან კიდევ ერთი კანდიდატი, დაგ კოლინზი იყრიდა. მან 20% მიიღო და შესაბამისად, მეორე ტურში ვერ გადავიდა.
მოსალოდნელია, რომ ჯორჯიადან რესპუბლიკური პარტია, სულ მცირე, ერთ ადგილს მოიპოვებს და შესაბამისად, უმრავლესობისათვის საჭირო 51 ადგილი ექნება.