აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი პენსილვანიაში შედეგების გაუქმებაზე

wikipedia.org

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ პენსილვანიის შტატის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ შეტანილი სარჩელი, შტატში ბაიდენის გამარჯვების გაუქმების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

რესპუბლიკელებს სურდათ, სასამართლოს გაეუქმებინა ოფიციალური შედეგები, რომელიც შტატში ხმების სრულად დათვლის შემდეგ დაამტკიცეს და რომლის მიხედვითაც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

განაჩენი უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლემ, მათ შორის ტრამპის მიერ დანიშნულმა სამმა კონსერვატორმა მოსამართლემ ერთხმად გამოიტანა.

მანამდე ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა პენსილვანიის შტატის სასამართლომაც.

უზენაეს სასამართლოში რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი სარჩელია შესული. ტეხასის შტატის რესპუბლიკელები 4 სხვა შტატს უჩივიან საარჩევნო დარღვევების გამო. სასამართლო ამ სარჩელს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში განიხილავს.

ტრამპის გუნდი კვლავ ირწმუნება, რომ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. მათ შედეგები არაერთ შტატში გაასაჩივრეს, სადაც ბაიდენი ტრამპს მცირე უპირატესობით უსწრებდა. ზოგიერთ შტატში ხმები ხელახლა გადათვალეს, თუმცა საბოლოოდ ამას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და ყველა შტატის გუბერნატორმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი 232. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაიდენმა 81 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რაც ტრამპის მიერ მიღებულ ხმებს 7 მილიონით აღემატება.

გასულ კვირას აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს 2020 წლის არჩევნების დროს მასშტაბური დარღვევების მტკიცებულება არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ტრამპს დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია, თუმცა თეთრი სახლის გადაბარების პროცესი უკვე დაიწყო და ბაიდენმა საკუთარი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.

ამავე თემაზე:

კომენტარები