აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპი: ბაიდენი თეთრ სახლში შევა, როცა დაამტკიცებს, რომ ხმები უკანონოდ არ იყო მოპოვებული

ტაბულა

დონალდ ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც დაამტკიცებს, რომ მის მიერ მიღებული ხმები თაღლითურად და უკანონოდ არ იყო მოპოვებული.

"ბაიდენს თეთრ სახლში პრეზიდენტად შესვლა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ დაამტკიცებს, რომ აბსურდული "80 000 000 ხმა" არ იყო თაღლითურად და უკანონოდ მოპოვებული. როდესაც ხედავთ, რა მოხდა დეტროიტში, ატლანტაში, ფილადელფიასა და მილუოკიში, მასობრივი თაღლითობა, მას დიდი გადაუჭრელი პრობლემა ექმნება". – წერს დონალდ ტრამპი. 

Twitter-ი ამ გამოხმაურებას არჩევნების შედეგების შესახებ კვლავ სადავოდ მიიჩნევს. 

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გუნდისთვის თეთრი სახლის გადაბარების პროცესის დაწყებას უკვე დათანხმდა. მაგრამ ტრამპი ამბობს, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ ბაიდენს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენმა 5.9 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მან საარჩევნო კოლეგიაში ჯამში 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა – 232. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს.

კომენტარები