აშშ-ს არჩევნები 2020

ჯორჯიის შტატში მეორე ტურის გამართვამდე ბაიდენი და ტრამპი ამომრჩევლებს შეხვდნენ

აშშ-ს ჯორჯიის შტატში არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჯორჯიაში ამომრჩევლებს შეხვდნენ.

ბაიდენმა და ტრამპმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ რესპუბლიკურ პარტიას სენატში 50 ადგილი აქვს, დემოკრატიულს - 48. უმრავლესობის მოსაპოვებლად რესპუბლიკელებს კიდევ 1 სენატორი სჭირდებათ.

"ჯორჯია, მთელი ქვეყანა შენ გიყურებს. ძალაუფლება შენ ხელშია". – ბაიდენმა ამომრჩევლებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ერთმა შტატმა შეიძლება შეცვალოს კურსი არამხოლოდ 4 წლის განმავლობაში, არამედ შემდეგი თაობისთვის.

"მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ... [ეს] თქვენი უკანასკნელი შანსია, გადაარჩინოთ ამერიკა, რომელიც გვიყვარს". – უთხრა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს.

ტრამპმა შეკრებილ ამომრჩევლებს უთხრა, რომ ჯორჯიის მეორე ტური დემოკრატების წინააღმდეგ "უკანასკნელი თავდაცვითი ხაზია".

ტრამპმა ასევე თქვა, რომ "ისინი არ მიიღებენ ამ თეთრ სახლს, ჩვენ ჯოჯოხეთურად ვიბრძოლებთ".

5 იანვარს მეორე ტური იმართება ჯორჯიაში, ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება. ჯორჯიაში სულ ორი სენატორი უნდა აირჩიონ, რადგან სპეციალური არჩევნებიც იყო დანიშნული სენატორ ჯონი აიზეკსონის გადადგომის გამო. მის მოვალეობას კელი ლოფლერი ასრულებდა. ის სენატის არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა ხმების 26%-ით. პირველ ადგილზე დემოკრატი რაფაელ ვარნოკია 33%-ით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლოფლერმა რესპუბლიკელთა ამომრჩევლების ხმების ნაწილი იმის გამო დაკარგა, რომ კენჭს მასთან ერთად პარტიიდან კიდევ ერთი კანდიდატი, დაგ კოლინზი იყრიდა. მან 20% მიიღო და შესაბამისად მეორე ტურში ვერ გადავიდა. 

იმ შემთხვევაში, თუ ორივე ადგილი დემოკრატებმა მოიპოვეს, ორივე პარტიას სენატში 50-50 ადგილი ექნება და გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტის ხელში იქნება. ამ პოსტზე დემოკრატი კამალა ჰარისია არჩეული.

ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას კვლავ არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

The Washington Post-მა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ტრამპი ჯორჯიის შტატის მდივანს, რესპუბლიკელ ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრება. ჯორჯია ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატი იყო, რომელიც ტრამპმა წააგო. სატელეფონო საუბარში ტრამპი რაფენსპერგერს სთხოვს, შედეგები გადათვალოს და მისთვის 11 780 ხმა იპოვოს.

ვიცეპრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა ტრამპის კომენტარები ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასა.

ის, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა დაადასტურა აშშ-ს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა უილიამ ბარმა, რომელიც ამ განცხადებიდან მალევე თანამდებობიდან გადადგა. სასამართლოში ტრამპის გუნდისა და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ შეტანილი სარჩელები არჩევნების შედეგები გაუქმების თაობაზე სასამართლომ არცერთ შტატში არ დააკმაყოფილა. მათ შორის მსგავსი სარჩელი განხილვის გარეშე ერთხმად უარყო აშშ-ს უზენაესმა სასამართლომაც, სადაც 9 მოსამართლიდან 3 თავად ტრამპის მიერ არის ნომინირებული.

6 იანვარს კონგრესის ორივე პალატა შეიკრიბება, რათა დაითვალოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები და ოფიციალურად დაადასტუროს შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოლეგიამ უკვე გააკეთა არჩევანი და 306 ხმით არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა, რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა ნაწილი გეგმავს, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭიროს. 

 

კომენტარები