აშშ-ს არჩევნები 2020

ჯო ბაიდენი: ამერიკის სულისთვის გამართულ ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა

ჯო ბაიდენი
Deadline

საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმის მიღების და არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა. მან თქვა, რომ დროა ისტორიის ახალი ფურცლიდან დაიწყონ მუშაობა გაერთიანებისა და გაჯანსაღებისათვის.

"დემოკრატიის ცეცხლი ამ ქვეყანაში დიდი ხნის წინ დაინთო და ვიცით, რომ მას ვერაფერი, ვერც პანდემია და ვერც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ჩააქრობს.

ამერიკის სულისთვის გამართულ ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ჩვენ, ხალხმა ხმა მივეცით. ინსტიტუტებისადმი რწმენამ გაამართლა. ჩვენი არჩევნების სამართლიანობა დაცულია. ახლა დროა, გადავშალოთ ეს ფურცელი, როგორც ჩვენი ისტორიის განმავლობაში გაგვიკეთებია. რათა გავერთიანდეთ. განვიკურნოთ...

...თუ ვინმემ ეს აქამდე არ იცოდა, ახლა ვიცით, რომ რაც ამერიკელი ხალხის გულებში ძგერს, არის დემოკრატია, იმის უფლება, რომ მათი ხმა გაიგონონ, მათი ხმა დათვალონ, მათ აირჩიონ ქვეყნის ლიდერი, რომ თავად ვმართოთ საკუთარი თავი". – თქვა მან.

ბაიდენმა ასევე ისაუბრა ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის მცდელობებზე გამოეცხადებინათ არჩევნები გაყალბებულად და გაეუქმებინათ შედეგები:

"ტრამპისათვის ხელი არავის შეუშლია იმის გაკეთებაში, რაც სურდა. მან შესჩივლა რესპუბლიკელ გუბერნატორებს, შტატების რესპუბლიკელ მდივნებს, რესპუბლიკელების მიერ დანიშნულ მოსამართლეებს ყველა დონეზე. მისივე კიბერუსაფრთხოების მეთაურმა, რომელიც არჩევნებს ზედამხედველობდა, თქვა, რომ ეს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დაცული არჩევნები იყო. მათ იცოდნენ, რომ ამ არჩევნებს აკვირდებოდნენ, თავად აკვირდებოდნენ - ის იყო სამართლიანი და თავისუფალი. ეს საკუთარი თვალით ნახეს და ვერავინ აიძულებდათ საპირისპიროს თქმას". – თქვა ბაიდენმა.

მან კორონავირუსის პანდემიაზეც ისაუბრა:

"სასწრაფო საქმეა ჩვენს წინაშე. პანდემია უნდა გავაკონტროლოთ და ვაქცინაცია ჩავატაროთ. ეკონომიკური დახმარება უნდა მივაწოდოთ იმ ამერიკელებს, რომლებსაც ეს ასე სჭირდებათ, შემდეგ კი ავაღორძინოთ ჩვენი ეკონომიკა. მე ისევე მუხლჩაუხრელად ვიმუშავებ მათთვის, ვინც ხმა მე არ მომცა, როგორც მათთვის, ვინც მე ამირჩია". – თქვა მან.

ბაიდენის გამოსვლიდან მალევე, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა და გამოაცხადა, რომ უილიამ ბარი გენერალური პროკურორის პოსტს უახლოეს დღეებში დატოვებდა. აღსანიშნავია, რომ ბარმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ არ არსებობს მასშტაბური საარჩევნო დარღვევების მტკიცებულება.

რესპუბლიკელების სარჩელი რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგების გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომაც, სადაც 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორია, მათგან 3 კი თავად ტრამპმა დანიშნა.

6 იანვარს გაიმართება კონგრესის გაერთიანებული სხდომა, სადაც კოლეგიის არჩევანს დაამტკიცებენ. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ შეუდგება ის ოფიციალურად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

პრეზიდენტად არჩევისათვის კანდიდატს კოლეგიაში 270 ხმის მიღება სჭირდება. 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდა, რადგან კოლეგიაში მან 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი მხოლოდ 232.

გასულ თვეს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრ სახლს დატოვებდა, თუ საარჩევნო კოლეგია ბაიდენს ოფიციალურად აირჩევდა პრეზიდენტად.

ტრამპს დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია და კვლავ დარღვევებზე საუბრობს, თუმცა თეთრი სახლის გადაბარების პროცესი უკვე დაიწყო და ბაიდენმა კაბინეტის წევრობის კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები