ბრექსითი

ჯონსონი ბრექსითის შემდგომ სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება

ურსულა ფონ დერ ლეიენი და ბორის ჯონსონი
Twitter

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ბრიუსელში ჩავა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდება. ისინი ბრექსითის შემდგომ დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

ჯონსონსა და ფონ დერ ლეიენს შორის 90 წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ შეთანხმების საჭირო პირობები ჯერ არ არსებობს და კვლავ რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები თევზაობის, ბიზნესის კონკურენციის წესებისა და შეთანხმების პირობების შესრულების ზედამხედველობის საკითხებზე.

"ჩვენ მთავარ მომლაპარაკებლებს ვთხოვეთ, საკუთარ გუნდებთან ერთად შეადგინონ იმ საკითხების მიმოხილვა, რაზეც კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. მათ ბრიუსელში პირისპირ შეხვედრაზე განვიხილავთ". - ნათქვამი იყო განცხადებაში.

შეთანხმების მისაღწევად მხარეებს დრო 31 დეკემბრამდე აქვთ. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, დაწესდება სასაზღვრო კონტროლი და გადასახადები ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქონლის გადატანაზე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ჯონსონისა და ფონ დერ ლეიენის შეხვედრა, თუმცა ცნობილია, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის ლიდერების სამიტი, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ ეს შეთანხმება იქნება.

ბორის ჯონსონის და ურსულა ფონ დერ ლეიენის სატელეფონო საუბრამდე დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ მზად იყვნენ ერთ-ერთი საკამათო საკითხიდან, შიდა ბაზართან დაკავშირებული კანონიდან, გარკვეული პუნქტები ამოეღოთ. მიუხედავად ამისა, თემთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონში იმ პუნქტების დაბრუნებას, რაც ლორდთა პალატამ გასულ თვეს ამოიღო.

ეს კანონი, მიღების შემთხვევაში, დაარღვევს ბრექსითზე ევროკავშირთან უკვე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის საზღვარზე მყარი საზღვრის თავიდან ასარიდებლად ჩრდილოეთ ირლანდიაზე განსხვავებული, ევროკავშირთან მიახლოებული საბაჟო პირობები გავრცელდებოდა, რომელიც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ეს პირობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაშია ჩადებული, რომელიც საერთაშორისო კანონს წარმოადგენს და შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, საბოლოო დამტკიცებისა და შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ძალაში შესვლის შემდეგ მას დაარღვევს.

კომენტარები